„ნაკრესის“ მიერ წარმოებული გამოყენებითი კვლევები ემსახურება სახეობებისა და ჰაბიტატების შესახებ ინფორმაციის შევსებას, განსაკუთრებით, მათი საკონსერვაციო სტატუსისა და გავრცელების შესახებ. ჩვენი პრიორიტეტებია ჰაბიტატების იდენტიფიკაცია და მათი გავრცელების რუკების შედგენა; საკვანძო სახეობების შეფასება (რიცხოვნობისა და გავრცელების დადგენა) და მათზე მოქმედი საფრთხეების გამოვლენა, ასევე უცხო ინვაზიური სახეობების შესწავლა.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
- მსხვილი ძუძუმწოვრების, როგორიცაა კავკასიური ლეოპარდი, ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, მგელი და ფოცხვერი, საკონსერვაციო კვლევების განხორციელება ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით კონსერვაციული პროექტების განვითარება;
- ბერნის კონვენციის რეზოლუციის No4 -ის ფარგლებში დაცული შერჩეული ჰაბიტატების შესწავლა, რომელიც მოიცავს: ჰაბიტატის ტიპების იდენტიფიკაციას, მათი ეკოლოგიური მდგომარეობის შფასებასა და გავრცელების რუკების შედგენას. ამ გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ევროპული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჰაბიტატების კონსერვაციის დაგეგმვას, ასევე ბერნის კონვენციისადმი წარსადგენი ეროვნული ანგარიშების შემუშავებას;
- მცენარეთა და ცხოველთა უცხო ინვაზიური სახეოებების ადგილობრივ ეკოსისტემებზე და, პირველ რიგში, დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.