პროექტები

ტყის ხანძრის რისკების მოდელის შექმნა

საქართველოს ტყეებს ხანძრები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის. 2012-დან 2022 წლამდე პერიოდში ტყის ხანძრების რიცხვი გაიზარდა წელიწადში დაახლოებით 10-დან 60 შემთხვევამდე. ნაკრესის ტყის კონსერვაციის პროგრამის თანამშრომლებმა, მეტყევე სოფო გოგიბედაშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელმა კახა არცივაძემ, საქართველოში პირველად, წამოიწყეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, ტყის ხანძრების რისკის ზონების გამოვლენასა და ხანძრის რისკების მოდელის შექმნას. ეს მოდელი დაეხმარება შესაბამის უწყებებს უფრო ეფექტიანად მოახდინონ ტყის ხანძრებზე რეაგირება და მაქსიმალურად შეამცირონ მძიმე შედეგები. პირველი კვლევები 2021 წელს ჩატარდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. მოგვიანებით პროექტი გაფართოვდა და მოიცვა ალგეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული ტერიტორიები. ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლისთვის გვექნება დეტალური რუკები და მოდელები ყველა ამ ტერიტორიისთვის.

ამდენად, პროექტის მთავარი ამოცანაა ტყის ხანძრების რისკის მოდელის შექმნა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ყველა აუცილებელი ინფორმაცია და კომპონენტი ტყის ხანძრებზე სწორი და ეფექტიანი რეაგირებისთვის. წინასწარი კვლევისას ხდება ხანძარსაშიში ნარჩენების − „ხანძრის საწვავის“ (გამხმარი ტოტები, ფოთოლი და წიწვი) აღრიცხვა და მისი სიმჭიდროვის დადგენა; გროვდება ინფორმაცია კონკრეტულ ტერიტორიებამდე მისასვლელი გზების, არსებული დასახლებებისა და მნიშვნელოვანი ჰაბიტატების შესახებ. ყველა ეს ელემენტი მეტად მნიშვნელოვანია ტყის ხანძრის საწინააღმდეგო თუ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს.

 

პროექტით შემუშავებული მოდელი აჩვენებს, თუ რა რისკები არსებობს მოცემულ რეგიონში, ასევე როგორ გავრცელდება და რამდენად ძლიერი იქნება ხანძარი. მასზე დაყრდნობით, შესაძლებელია ტყის ხანძრებთან ბრძოლისა და პრევენციის მართვის გეგმის ჩამოყალიბებაც. ასევე ტყის გაშენებისა და ხე-ტყის მოპოვების ისე დაგეგმვა, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ხანძრის რისკი. მოდელი გამოავლენს მაღალი რისკისა და რთულად მიღწევად ტერიტორიებსაც და მიგვითითებს, თუ რომელ რეგიონებშია საჭირო სპეციალური ღონისძიებების გატარება, იმისათვის, რომ მეხანძრეებმა დროულად და ეფექტურად შეძლონ სათანადო რეაგირება. სპეციალურ ღონისძიებებს შორის შეიძლება იყოს მისასვლელი გზის მოწყობა/გაწმენდა, წყლის რეზერვუარების მოწყობა, პოტენციური „საწვავისგან“ ტყის გასუფთავება და ა.შ.

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც ამ პროექტის განხორციელებისას ვაწყდებით, ტყის ხანძრებთან დაკავშირებული ისტორიული მონაცემების ნაკლებობაა. რადგან ეს ტყის ხანძრების რისკების დარუკების პირველი მცდელობაა საქართველოში, ჩვენ წინაშე, პირველ რიგში, დგას მოდელის შესაქმნელად აუცილებელი ყველა ინფორმაციის თავმოყრა მაშინ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სათანადო და სანდო მონაცემთა ბაზები.

ამ პროექტის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს მოხალისეებზე, რომელთა უმეტესობა აგრარული უნივერსიტეტის სატყეო საქმის სტუდენტია.

პროგრამის დონორი და პარტნიორია აშშ-ის სატყეო სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განსახორციელებლად საჭირო როგორც წლიურ დაფინანსებას, ასევე გამოცდილების გაზიარებასა და წვრთნებს. ჩვენ მიერ გამოყენებული მიდგომების საფუძველია აშშ-ში შემუშავებული პროტოკოლები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ადაპტირდა და მოერგო საქართველოს ტყეების მახასიათებლებსა და საჭიროებებს. ამ ყველაფერში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის სატყეო ექსპერტი, დოქტორი ჰიუ საფორდი.

ფაქტები

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

პროექტის ლოკაცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის და თუშეთის დაცული ტერიტორიები.

პროექტის კოორდინატორი / გუნდი: კახა არცივაძე, სოფო გოგიბედაშვილი, ჰიუ საფორდი.

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023