პროექტები

ბალახოვანი ეკოსისტემების მონიტორინგი

ბალახოვანი ეკოსისტემები საქართველოს ბუნებრივი ჰაბიტატების მნიშვნელოვანი ნაწილია. მათთვის დამახასითებელია მრავალფეროვანი მცენარეულობა და, გარდა იმისა, რომ ქმნიან ბუნებრივ საარსებო გარემოს მრავალი სახეობის ცხოველისთვის, მოსახლეობასაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეკოსისტემურ სერვისებს აწვდის, მაგ., ეს ტერიტორიები გამოიყენება სათიბ-საძოვრებად.

დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, „ნაკრესი“ უკვე ათ წელიწადზე მეტია ახორციელებს ბალახოვანი ეკოსისტემების კონსერვაციულ კვლევებსა და მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით მიმდინარეობს ბალახოვანი სისტემების მონიტორინგის პროგრამა დაცულ ტერიტორიებზე. მისი ზოგადი მიზანია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის საბაზისო ინფორმაციის მოპოვება. ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში აძოვებდა პირუტყვს ამჟამად დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულ სტეპებსა თუ მდელოებზე. ბუნებრივ ბალახოვან ეკოსისტემებზე ძოვების ზეგავლენის შესწავლა, ასევე ძოვების მდგრადი ფორმების წახალისება კი, საძოვრების ეფექტურად მართვის საწინდარია.

ბოლო დრომდე საქართველოში სათიბ-საძოვრების გამოყენება საკმაოდ უსისტემოდ და, პრაქტიკულად, უკონტროლოდ მიმდინარეობდა. მწირი იყო ცოდნაც, თუ როგორ შეიძლება ჯანსაღი და ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ბალახოვანი ეკოსისტემის შენარჩუნება საძოვრად გამოყენების პირობებში. საძოვრების მონიტორინგის პროგრამა ადგენს კონკრეტულად რომელი ტერიტორიაა საძოვარი, როგორია მასზე დატვირთვა და ვისი საკუთრებაა საქონელი. ეს ინფორმაცია ქმნის საფუძველს შესაბამისი დაცული ტერიტორიის საძოვრების მართვის გეგმის შესამუშავებლად. საქართველოში ბევრი საძოვარი სავალალო მდგომარეობაშია, ჭარბი ძოვებისა და ეროზიული პროცესების გამო. მონიტორინგი და მდგრადი ძოვების პრაქტიკის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიან პერსპექტივაში უწყვეტად გამოვიყენოთ ეს ბუნებრივი სიმდიდრე ისე, რომ ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება არ დავაზიანოთ.

გასულ წლებში ბალახოვანი ეკოსისტემების მონიტორინგი ჩატარდა ბორჯომის, ჯავახეთის, ვაშლოვანის, ლაგოდეხისა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. 2023 წელს ჩვენი სამიზნე ტერიტორია ყაზბეგის ეროვნული პარკია.

ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს ხევის ისტორიულ მხარეში, ამჟამად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, სამხრეთით − დუშეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით − რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტები. ამ უკანასკნელმა კი, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს პროექტის მიმდინარეობაზე.

პროექტის ამოცანები:

  • საველე კვლევები და საველე მონაცემების შეგროვება;
  • ბალახოვანი ჰაბიტატების ტიპების იდენტიფიკაცია და მათი გავრცელების რუკების შედგენა;
  • ძირითადი ბალახოვანი ჰაბიტატების შეფასება;
  • საძოვრის პროდუქტიულობის შეფასება.

მოსალოდნელი შედეგები

ძირითადი შედეგები მოიცავს: (1) მდელოების ჰაბიტატების იდენტიფიკაციასა და გავრცელების რუკებს და (2) მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს საძოვრების ბიომრავალფეროვნებას, პროდუქტიულობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობას.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ყაზბეგის ეროვნული პარკის ბალახოვანი ეკოსისტემების (საძოვრების) კონსერვაციისა და ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ბაზისის ჩამოყალიბებას, ასევე საძოვრების მართვის გეგმის შემუშავებას.

ფაქტები

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

პროექტის ლოკაცია: ყაზბეგის ეროვნული პარკი

პროექტის კოორდინატორი: კახა არცივაძე

დონორები/პარტნიორები: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), GEF/UNDP -ის პროექტი „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“

 

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023