აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დიდი კავკასიონის ენდემი და ბუნების დაცვის კუთხით პრიორიტეტული სახეობაა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი არეალისა და პოპულაციის შესახებ სრულყოფილი და სანდო მონაცემების შეგროვება. ბეჟან ლორთქიფანიძე, „ნაკრესის“ საველე გუნდთან ერთად, ბოლო 6 წლის განმავლობაში იკვლევს ჯიხვის პოპულაციას აღმოსავლეთ საქართველოში; კვლევები განხორციელდა თუშეთის, ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებში. ამჟამად საკვლევი ტერიტორია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალია. ყველა ეს ადგილი დიდი კავკასიონის საქართველოს მხარეს ჯიხვის არეალის ძირითად ნაწილს მოიცავს და ამიტომ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები პრაქტიკულად მთელი პოპულაციის მდგომარეობის შესახებ იძლევა ინფორმაციას, ანუ ლაგოდეხის პოპულაციის შეფასების დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში ჯიხვის ეკოლოგიური მდგომარეობის სრული სურათის შექმნა.
ბეჟანი და მისი გამოცდილი საველე გუნდი, ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვისას, იყენებენ მაღალი ხარისხის ოპტიკურ ხელსაწყოებს და ე.წ. ორმაგი დაკვირვების მეთოდს. მონაცემები საველე პირობებშივე გადააქვთ ფიზიკურ, შემდგომში კი ციფრულ რუკებზე.
ეს კვლევა დაეხმარება ჯიხვის პოპულაციების კონსერვაციის დაგეგმვასა და სახეობაზე მოქმედი საფრთხეების გამოვლენას, ასევე მისი მართვის გეგმის შემუშავებას. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი, შესაძლებელი იქნება საერთაშორისო (IUCN-ის) წითელ ნუსხაში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის საკონსერვაციო სტატუსის საჭიროებისამებრ განახლებაც (ამჟამად აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს IUCN-ის წითელ ნუსხაში მინიჭებული აქვს კატეგორია „მოწყვლადი“).
ჯიხვის პოპულაციის მონიტორინგი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს გაზაფხულისა და ნოემბერის აღრიცხვებს. საგაზაფხულო დაკვირვება იმ წელს დაბადებული ციკნების აღრიცხვის საშუალებას იძლევა, ნოემბრის დაკვირვების უპირატესობა კი ის არის, რომ შეჯვარების სეზონის გამო, ხარები ძლიერ აქტიურდებიან და მათი აღრიცხვაც იოლდება.
საველე მეთოდი
კვლევა ეფუძნება ე.წ. ორმაგი დაკვირვების მეთოდს, რომლის დროსაც ცხოველთა თითოეული ჯგუფის აღრიცხვას ერთდროულად ორი დამკვირვებელი ატარებს; აღიწერება ინივიდების რაოდენობაც და, შეძლებისდაგვარად, დგინდება ასაკი და სქესი. ეს საველე მეთოდი ჩვენმა გუნდმა წარმატებით გამოიყენა გასულ წლებში როგორც ჯიხვის, ისე ნიამორის პოპულაციების აღრიცხვებისას სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე.
მოსალოდნელი შედეგები:
აღმოსავლეთ კავაკასიური ჯიხვის რიცხოვნობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ლოკაცია: ლაგოდეხის დაცული ტერიტოირიები
პროექტის კოორდინატორი / გუნდი: ბეჟან ლორთქიფანიძე, ივანე სხირტლაძე, ჯონი კევლიშვილი, ზვიად ხუციშვილი, შოთა გოლუბიანი.
დონორები/პარტნიორები: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), GEF/UNDP -ის პროექტი „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა“