სათემო რეინჯერი ბუნების სამსახურში

ვერიკო ბაზალი, სათემო რეინჯერის პროგრამის მონაწილე                                                             

ნაკრესის და მწვანე ბორჯომის ერთობლივი პროექტი ,,სათემო რეინჯერი“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. მე სათემო რეინჯერების პირველ თაობას წარმოვადგენ, რომლებიც საქმიანობას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვახორციელებდით.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ ბუების კონსერვაციისა და უკეთესი გარემოსთვის.

სათემო რეინჯერის პროექტის ფარგლებში დავეუფლეთ ცოდნას მონიტორინგის მეთოდებზე, ვისწავლეთ გარეული ცხოველების იდენტიფიცირება კვალზე დაკვირვებით, ვაგროვებდით ინფორმაციას GPS -ის გამოყენებით, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლეთ ფოტო ხაფანგების გამოყენება გარეული ცხოველების მონიტორინგის მიზნით. გაგვიმართლა იმაშიც რომ თანამედროვე ფოტო ხაფანგები გვქონდა, ფოტოხაფანგი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ერთი, რომელიც პირდაპირ რეჟიმში გადასცემს გადაღებულ ფოტო/ვიდეო მასალას და მეორე, რომლიც მეხსიერების ბარათზე ინახავს ინფორმაციას. ჩემთვის ფოტოხაფანგის პირველი ვარიანტი იყო უფრო საინტერესო, რადგან მქონდა განცდა რომ მეც იქ ვიყავი, სადაც ცხოველი ფიქსირდებოდა.

ვეწვიეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სახვადასხვა მონაკვეთს. მთელი პარკი ძალიან მრავალფეროვანია, როგორც ლანდშაფტებით, ასევე იქ გავრცელებული ცხოველების სახეობებით. ჩვენი ფოტოხაფანგებით გადაღებული სხვადასხვა ცხოველის ნახვა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა. მინდა გამოვყო ჩვენს მიერ გადაღებული ირემი, დათვი, მგლების ოჯახი და შველი.

მე ვფიქრობ, სათემო რეინჯერის პროგრამა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, ამ პროცესების უშუალო მონაწილე გახდეს, შეისწავლოს ცხოველთა საბინადრო გარემო და, რაც მტავარია, ისაწვლოს, როგორ მოიქცეს ბუნებაში. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ორდღიანი ტური ჩითახევის თავშესაფარში ღამისთევით. ულამაზესი იყო მოგზაურობა ველურ ბუნებაში, დროდადრო ამინდი იცვლებოდა, ერთმანეთს ენაცვლებოდა ნისლი, წვიმა; მახსოვს საუბარი თავშესაფარში, დილის ბუნება, ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის.

ოქტომბერი განსაკუთრებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს თვე, ერთ-ერთი აღსანიშნავი მოვლენა იყო ირმის მყვირალობა - ფოტოხაფანგების მონტაჟისას გავიგონეთ ირმების ბღავილი ორი სხვადასხვა ხეობიდან, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო.

სათემო რეინჯერის პროექტის დასრულების შემდეგ ახალი თავგადასავალი დაიწყო; მოულოდნელად პროექტის გუნდმა სათემო რეინჯერების ახალი ნაკადის მენტორობა შემოგვთავაზა მე და მიშო ჯოგლიძეს. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდით. ამ მისიის შესრულება ჩვენთვის გამოწვევაც იყო. ახალი როლი გვქონდა პროექტის ამ ფაზაში, რომელიც აჭარის და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს მოიცავდა. მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ახალი სათემო რეინჯერებისათვის, ასევე საქმის სიყვარულით გაკეთება, როგორც ჩვენი მენტორები ჯონი და ზვიადი აკეთებდნენ პროექტის წინა ფაზაში.

მუშაობა გვიწევდა ჯავახეთის, მაჭახელას, კინტრიშის და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სხვადასხვა ბუნებრივი გარემო იყო. იყო ახალი გამოწვევებიც; ერთ-ერთი გამოწვევა იყო ზამთარში ცხოველების მონიტორინგი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორად გაგვეზიარებინა ჯგუფისთვის ფოტოხაფანგის მონტაჟის ტექნიკა.

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ყველა მონაწილის აქტიური ჩართულობა. მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის გუნდი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, მართლაც გამორჩეული იყო. ბუნების განსაკუთრებული სიყვარული ქონდათ და ბევრი რამ იცოდნენ. ასე რომ, ჩვენც ბევრი ვისწავლეთ მათგან.

რამდენიმე განსაკუთრებული მომენტი აღვბეჭდეთ პროექტის განმავლობაში, რომელიც მოიცავს არჩვის და ფოცხვერის ფოტო /ვიდეო მასალებსაც. გამორჩეული ბუნების და ჩვენი ფოტოხაფანგების ფოტო/ვიდეო მასალების გარდა კიდევ ბევრი რამ მოუტანა მონაწილეებს ამ პროექტმა, ზოგი მათგანი დასაქმდა დაცულ ტერიტორიებზე, ახალგაზრდებს საკუთარი თავის გამოვლენის და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობები გაუჩნდათ.

სათემო რეინჯერის პროექტს წინ უძღოდა მურა დათვის მონიტორინგი, ეს იყოს უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო საველე ექსპედიციაში გამოცდილ ადამიანებთან ერთად (ბეჟან ლორთქიფანიძე, ჯონი კევლიშვილი, ზვიად ხუციშვილი, ლევან თაბუნიძე და დაცული ტერიტორიების რეინჯერები). ეს ჩემთვის ორმაგად საინტერესო იყო, რადგან მანამდე ირმის მონიტორინგის ექსპედიციაში მივიღე მონაწილეობა. ახლა კი მქონდა განსხვავებულ ცხოველზე დაკვირვების შესაძლებლობა.

ვფიქრობ ასეთი აქტივობები ეხმარება ახალგაზრდებს ჰორიზონტის გაფართოებაში; თანამონაწილეობრივი მიდგომა აახლოებს ბუნებასთან და გაზრდილ ცნობიერებასთან ერთად ყალიბდება ბუნებაზე ზრუნვის ჩვევა.

მინდა მადლიერება გამოვხატო ნაკრესის, მწვანე ბორჯომის მიმართ, ასევე მადლობა კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობისთვის რომ გავმხდარიყავი სათემო რეინჯერი.

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023