ჯიქი დაბრუნდა!

12 წლიანი თავდაუზოგავი კვლევა-ძიების შემდეგ, მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ჯიქი საქართველოში. ამ ცხოველის 2021 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული ფოტო ნაკრესის კონსერვაციული კვლევების ხელმძღვანელისა და მისი საველე გუნდის მიერ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე სპეციალურად ამ კვლევისთვის დაყენებულ ერთ-ერთ ფოტოხაფანგზე აღმოჩნდა. ფოტოზე აღბეჭდილი იყო ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Panthera pardus) სავარაუდოდ ახალგაზრდა მამრი ინდივიდი (იხ. ტატიანა როზენის სტატია საქართველოში ჯიქის ხელმეორედ დაფიქსირების შესახებ).

ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის ინიციატივით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით.

2022 წელს სავარაუდოდ იმავე ინდივიდის მეორე ფოტოც მოვიპოვეთ, რომელიც ასევე აგვისტოში იყო გადაღებული.

ამჟამად ნაკრესის გუნდი კვლავ აგრძელებს ჯიქის კვლევას თუშეთსა და ხევსურეთში კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭრით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი. ეს იყო ახალგაზრდა ხვადი, სახელად ნოე, რომლის კვალი ნაკრესმა პირველად 2003 წელს დააფიქსირა და მომდევნო 6 წლის განმავლობაში აკვიდებოდა კვალზე მიყოლისა და ფოტოხაფანგების მეშვეობით. იხ. BBC -ის სტატია ნოეს შესახებ.

  

  

This website uses cookies to enhance your experience and to help you to use the site. By clicking "Accept Cookies", you consent to our use of cookies on this website. You can, however, change your cookie settings at any time, including by choosing not to allow some types of cookies. To learn more, please see our Cookies Policy. Cookies Policy
Copyright © NACRES, 2023