ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. აქედან გამომდინარე, ბერნის კონვენცია მიზნად ისახავს სახეობების დაცვას ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნების გზით. ამის მისაღწევად კი ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს ე.წ. „ზურმუხტის ქსელი“.

„ზურმუხტის ქსელი“ შედგება „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიებისგან“ (Areas of Special Conservation Interest-ASCI), ანუ ე.წ. „ზურმუხტის საიტებისგან“. ბერნის კონვენცია თითოეულ მხარე ქვეყანას ავალდებულებს ზურმუხტის ქსელის განვითარებას. თუმცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როგორც ზემოთ ითქვა, აქვთ ანალოგიური ეკოლოგიური ქსელი “ნატურა 2000”. რამდენადაც ბერნის კონვენციის გეოგრაფია სცდება ევროკავშირის ფარგლებს, „ნატურა 2000“ „ზურმუხტის ქსელის“ ნაწილად განიხილება. შესაბამისად, მას მერე რაც ზურმუხტის ქსელი საბოლოოდ ლეგალურად ჩამოყალიბდება, იგი გახდება მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელი, რომელიც გადაჭიმული იქნება აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ურალის მთებიდან ატლანტის ოკეანეში მდებარე ისლანდიასა და კანარის კუნძულებამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით კი ნორვეგიიდან სამ-ხრეთ კავკასიასა და ხმელთაშუა ზღვამდე.

იმისათვის, რომ ტერიტორია გამოცხადდეს „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიად“ (ზურმუხტის საიტად), მან უნდა დააკმაყოფილოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი კრიტერიუმი:

  • საიტი უზრუნველყოფს ბერნის კონვენციით დაცული საფრთხის წინაშე მყოფი (მათ შორის მიგრირებადი) სახეობების დაცვასა და გრძელვადიან გადარჩენას;
  • ტერიტორია ხასიათდება მაღალი ბიო-მრავალფეროვნებით, ანუ ტერიტორიაზე ბინადრობს მრავალი სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი;
  • ტერიტორია მოიცავს (ამჟამად ან წარსულში) ბერნის კონვენციის მუდმოვმოქმედი კომიტეტის მე-4 რეზოლუციაში მითითებულ მნიშვნელოვან ჰაბიტატებს ან მათ ფრაგმენტებს;
  • საიტი მნიშვნელოვანია ერთი ან რამდენიმე მიგრირებადი სახეობებისთვის;
  • ტერიტორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბერნის კონვენციის ამოცანებისა და, ზოგადად, ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსად „ნატურა 2000-ის“ საიტებისა, „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები” არ წარმოადგენს მკაცრად დაცული ტერიტორიების ქსელს. მათ შემადგენლობაში, შესაძლოა, შედიოდეს ისეთი დაცული ტერიტორიები როგორიცაა: ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი და სხვ., მაგრამ კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან განსხვავებით, ამ ტერიტორიებზე არ არის შეზღუდული სამეურნეო საქმიანობები და, როგორც წესი, არ მოქმედებს მკაცრი რეგულაციები (დაცვის რეჟიმები და სხვა). საიტების უმრავლესობა შექმნილია კონკრეტული ჰაბიტატის ან სახეობის დასაცავად და შეიძლება მოიცავდეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებსაც. ასეთი ტერიტორიების უმრავლესობაზე გრძელდება სამეურნეო საქმიანობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, შეიძლება აუცილებელიც გახდეს გარკვეული  საქმიანობების ნაწილობრივი ან მთლიანი შეზღუდვა, რათა არ მოხდეს იმ სახეობებისა და ჰაბიტატების განადგურება, რომელთა დასაცავადაც არის შექმნილი მოცემული „ზურმუხტის საიტი“. ეს შეზღუდვები განისაზღვრება მოცემული საიტის მენეჯმენტის გეგმით და ყოველთვის კონკრეტული ხასიათი აქვს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახეობებისა და ჰაბიტატების შენარჩუნება უმეტეს შემთხვევებში შეთავსებადია გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმოებასთან. უფრო მეტიც, ზოგან (მაგალითად, ნახევრადბუნებრივ ჰაბიტატებში) შესაძლებელია ადამიანის სამეურნეო საქმიანობა აუცილებელიც კი იყოს იმისათვის, რომ ზურმუხტის საიტმა ნორმალურად ფუნქციონირება გააგრძელოს და არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა იმ სახეობისა თუ ჰაბიტატის შესანარჩუნებლად, რომლისთვისაც იგი შეიქმნა.

“ნატურა 2000-ის“ საიტების მსგავსად, „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ შექმნა ხორციელდება ზემოთ აღნიშნული 9 ბიოგეოგრაფიული რეგიონის მიხედვით.

გადაწყვეტილება “ზურმუხტის საიტების” შექმნის შესახებ, ისევე როგორც მათი მენეჯმენტის საკითხები, ქვეყნის მთავრობის დისკრეციაა. სწორედ ამ კუთხით შეინიშნება განსხვავებები „ნატურა 2000-სა“ და „ზურმუხტის ქსელს“ შორის. „ნატურა 2000-ის“ საიტების შერჩევის პროცედურა საკმაოდ ხისტია და უფრო მეტ ვალდებულებებს მოიცავს, ვიდრე „ზურმუხტის ქსელი“. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უფრო მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ საიტების მართვის მხრივაც. „ზურმუხტის ქსელის“ მოთხოვნები შედარებით რბილია და არ მოიცავს რაიმე ტიპის სავალდებულო რეგულაციებს. ყველა ქვეყანა თავად იღებს გადაწყვეტილებას და თავადვე საზღვრავს სახეობების გადასარჩენად საჭირო ღონისძიებებს. თუმცა, მთლიანობაში „ზურმუხტის ქსელის“ განვითარების ლოგიკა თავისი არსით ძალიან ახლოსაა „ნატურა 2000-ის“ ქსელის ჩამოყალიბების პროცედურასთან. აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებმა, რომლებიც მოგვიანებით გაწევრიანდნენ ევროკავშირში (მაგ., ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვ.), ჯერ შექმნეს „ზურმუხტის ქსელი“, ხოლო ევროკავშირში შესვლისთანავე მათ წინაშე დადგა „ნატურა 2000-ის“ ქსელის შექმნის აუცილებლობა, რაც შედარებით მარტივად განხორციელდა ბერნის კონვენციის ფარგლებში მიღებული გამოცდილების წყალობით ‒ ამ ქვეყნებმა წარმატებით შეძლეს „ზურმუხტის ქსელის“ ტრანსფორმაცია „ნატურა 2000-ის“ ქსელად.

Funded EU+COE - Implemented COE quadri

SHARE