ENG 
 
 




 
 
ევრაზიული წავის კვლევა და კონსერვაცია საქართველოში

დონორი: ბი პი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა)
შპს - საქართველო

პროექტის განხორციელების პერიოდი:
 
2006-2007

ევრაზიული წავი Lutra lutra მსოფლიოს წითელ წიგნშია შეტანილი. ერთ დროს ეს ცხოველი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ახლა ის გადაშენების პირასაა ... 

ამ ბოლო დროს ჩვენში ისედაც გაიშვიათებულ წავებს ადამიანიც დაუნდობლად ანადგურებს. თევზსაჭერი მეურნეობების მეპატრონეებს ეს ცხოველი დაუძინებელ მტრად მიაჩნიათ. "ნაკრესმა" თევზსაშენების მეპატრონეებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. ამ გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 28 გამოკითხულიდან 22 თევზის მარაგის განადგურების მთავარ მიზეზად წავს ასახელებს. ისინი არც მალავენ, რომ თუ შესაძლებლობა მიეცათ, წავს აუცილებლად მოკლავენ.

"ნაკრესის" მიმდინარე პროექტი გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ევრაზიული წავის პოპულაციის კონსერვაციას ისახავს მიზნად. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. ალაზნის პირას 300-მდე თევზსაშენი მეურნეობაა: ზოგი მცირე ზომის საგუბარია, ზოგ ხელოვნურ ტბას კი უზარმაზარი ტერიტორია უკავია - მაგალითად, 150 ჰა. ამ ტერიტორიაზე 30-მდე წავი ბინადრობს. წავი, რომელიც ბუნებრივ გარემოში საკვებს ვეღარ შოულობს, თევზსაშენების ხშირი სტუმარი ხდება. მიზეზი ბევრია: მოსახლეობა ალაზნის ტერიტორიას შეშის მოსაპოვებლად და საქონლის ბინების მოსაწყობად იყენებს. ჩვენი დაკვირვებით, ეს ფაქტორი წავის სეზონურ მოძრაობას იწვევს. ცხოველები ძირითადად დაჭაობებულ ტყის ნაწილში და ალაზნის მიერ შექმნილ კუნძულებზე აფარებენ თავს. მცირე ზომის არხებში გავრცელებული თევზი კარჩხანა წავების მთავარ საკვებს წარმოადგენს. როგორც "ნაკრესის" მიერ წარმოებულმა დაკვირვებებმა ცხადყო, ბოლო წლებში (განსაკუთრებით, 2006 წელს) სარწყავი სისტემის მოშლის შედეგად დაჩქარებულმა არხების დაშრობის პროცესმა და სხვადასხვა აკრძალული მეთოდებით (მათ შორის, დენის აპარატით, დინამიტით, მომწამვლელი ნივთიერებებით) თევზის მოპოვებამ წავებისთვის აუცილებელი საკვები თევზის მარაგი საგრძნობლად შეამცირა.    

"ნაკრესის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გვიდასტურებს, რომ უაღრესად სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. წავი წყლის ეკოსისტემის ინდიკატორია. ის ფაქტი, რომ წავები ტოვებენ თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელს და ხელოვნური თევზსაშენებისაკენ მიილტვიან, იმაზე მიგვანიშნებს, რომ წყლის ჰაბიტატი განადგურებულია.

წავის პოპულაციის შესწავლითა და კვლევით "ნაკრესი" უკვე რამდენიმე წელია დაკავებული. მიმდინარე პროექტში კვლევის ერთ-ერთ მეთოდად მთელ მსოფლიოში უკვე დიდი ხნის აპრობირებულ რადიოტრეკინგის მეთოდი გამოიყენება. ამ მეთოდით წავის პოპულაციის კვლევა საქართველოში პირველი შემთხვევაა. პროექტის მოსამზადებელი პერიოდი ხანგრძლივი იყო. რადიოიმპლანტის დამონტაჟების ხერხი ჰოლანდიელი პარტნიორების დახმარებით ავითვისეთ. ჰოლანდიელი ექსპერტები საქართველოში საგანგებოდ ამ პროექტისათვის ჩამოვიდნენ და აქ ოცი დღე დაჰყვეს.

ზემოხსენებული პროექტი შემოდგომაზე დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში ვაკვირდებით წავის მოძრაობის ტრაექტორიას, შევისწავლით იმ ადგილებს, რომლებსაც წავი სტუმრობს, ბუნაგებს, საექსკრემენტო უბნებს, კვებით თავისებურებებს, მოკლედ, წავის დღის განრიგსა და, საერთოდ, მისი ცხოვრების წესს.

პროექტის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ეკოსისტემის დაბინძურების ხარისხი და ამ დაბინძურების გავლენა ფაუნაზე. ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა ისიც, რომ სინამდვილეში წავის მიერ თევზსაშენებისთვის მიყენებული ზარალი სრულიად უმნიშვნელოა - ეს არის ის თითო-ოროლა თევზი, რომელსაც ცხოველი თევზსაშენებიდან "იპარავს".  

წავი ძირითადად ადამიანის უვიცობის მსხვერპლი ხდება. ტბების გაყოლებაზე ჩალაგებული ხაფანგები (ეს ხაფანგები წავისა და ენოტის დასაჭერადაა განკუთვნილი) დანაღმულ ბილიკებს ჰგავს ...

პერიოდულად პროექტის მონაწილენი მართავენ შეხვედრა-კონსულტაციებს თევსაჭერი მეურნეობების თანამშრომლებთან მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით. პროექტის დასასრულს მეურნეობებსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს გადაეცემათ რეკომენდაციების პაკეტი, რომელშიც აისახება კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრევენციული ღონისძიებები ადამიანისა და წავის კონფლიქტის შესამცირებლად.

პროექტი 2007 წლის იანვარში დასრულდება. "ნაკრესის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ალაზნის ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და წითელ წიგნში შეტანილი პოპულაციის გადარჩენაში დაგვეხმარება.    

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს, გიორგი გორგაძეს: giorgi.gorgadze@nacres.org

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix