ტყვე დათვები საქართველოში
დონორი:
ფონდი Alertis (ჰოლანდია)
პროექტის განხორციელების პერიოდი:
2006 - 2007
საქართველოში 600-ოდე მურა დათვიღა შემორჩა. ეს უკვე სავალალო მაჩვენებელია.
ბოლო წლებში დათვის ქონი და ნაღველი განსაკუთრებული კომერციული მოხმარების საგნად
იქცა და დათვზე ნადირობაც საგრძნობლად გახშირდა. მურა დათვის ნაღველით ვაჭრობამ
საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა და ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაება ამ
ბიზნესში.
მდგომარეობა უკვე დიდი ხანია საგანგაშოა.
დღეს მურა დათვი კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დგას. საქართველოში გავრცელდა
დათვის ბელებით ვაჭრობა. გალიაში გამომწყვდეულ დათვებს ბევრგან შეხვდებით:
რესტორნებში, ბენზინგასამართ სადგურებზე, სასტუმროების ტერიტორიაზე... კლიენტების
მოზიდვის ასეთი ხერხი ფოტოგრაფებმაც წარმატებით აიტაცეს.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეს ბიზნესი მხოლოდ ერთი შეხედვითაა უწყინარი. თითოეული
ბელის უკან მოკლული დედა დათვი დგას. იყო შემთხვევები, როდესაც სოლიდური თანხის
საფასურად რესტორნების მეპატრონენი თავიანთ კლიენტებს გალიაში დამწყვდეული დათვების
მწვადებითაც უმასპინძლდებოდნენ.
1995 წლიდან მოყოლებული "ნაკრესი" დათვზე უკანონო ნადირობისა და დატყვევების
ფაქტებს და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს იკვლევს.
ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე
დატყვევებული დათვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, არსებული მდგომარეობის
შეფასება და სამომავლოდ სამოქმედო გეგმის შემუშავება.
25 დათვის ადგილსამყოფელი უკვე ცნობილია. დათვების დიდი ნაწილი პატარა გალიებში
ჰყავთ გამოკეტილი, სიბინძურესა და გაუსაძლის პირობებში. არავინ იცის, რა ბედი ელით
მათ.
დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ბეჟან ლორთქიფანიძეს:
bejan.lortkipanidze@nacres.org
|