მცირე გრანტების პროგრამა
არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისათვის
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მარშრუტის გასწვრივ
2004 წლიდან სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა «ნაკრესმა», ფედერაცია „გადავარჩინოთ
ბავშვებთან” ერთად, კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების (BTC/SCP) დაფინანსებით
დაიწყო მცირე გრანტების პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს
გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გასწვრივ
არსებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების
შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის, თეთრიწყაროს,
მარნეულის, წალკის, ადიგენის, ბორჯომისა და ახალციხის რაიონებში გარემოსდაცვითი
პროექტების დაფინანსებას.
პროგრამის საწყის ეტაპზე, «ნაკრესის» ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები მილსადენის
გასწვრივ, კერძოდ, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ადიგენის, ბორჯომისა
და ახალციხის რაიონებში ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემების გამოსავლენად.
პრობლემათა საწყისი სიიდან, რომელშიც რამდენიმე ათეული საკითხი შედიოდა,
განისაზღვრა ოთხი პრიორიტეტული მიმართულება:
- ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი გამოყენება;
- ნიადაგის ეროზია;
- წყლის დაბინძურება;
- ნარჩენების მართვა.
ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოცხადდა მცირე გრანტების პროგრამა
2005-2006 წლებისთვის. პროგრამის ფარგლებში "ნაკრესის" საქმიანობა პირობითად ორ
ეტაპად იყოფოდა.
პირველი ეტაპი მოიცავდა პროგრამაში მონაწილე ადგილობრივი ორგანიზაციებისა და
საინიციატივო ჯგუფებისათვის კონსულტაციების გამართვას გარემოსდაცვით საკითხებში.
"ნაკრესის" თანამშრომლები ზემოხსენებულ შვიდ რაიონში ატარებდნენ შეხვედრებს,
რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის პროგრამის პრიორიტეტების გაცნობასა და
წარმოდგენილი გარემოსდაცვითი საპროექტო წინადადებების გაუმჯობესება-დახვეწას.
«ნაკრესის» საქმიანობის მეორე ეტაპი კონკურსში გამარჯვებულთა ორგანიზაციული და
პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ჩატარდა ტრენინგებისა
და სემინარების სერია, რომლის თემატიკა უშუალოდ გამომდინარეობდა შერჩეული
გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ინდივიდუალური საჭიროებებიდან. ამასთან, პროექტის
განხორციელების დროს იმართებოდა ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარე პროექტების
წარმატებით დანერგვისთვის.
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სულ 28 გარემოსდაცვითი პროექტი დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ წალკის, ადიგენისა და თეთრიწყაროს რაიონებში გარემოსდაცვითი
გრანტები პირველად გაიცა, რამაც, ბუნებრივია, ადგილობრივი ორგანიზაციების
დაინტერესება გამოიწვია.
ნიშანდობლივია ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტების გარემოს დაცვის მიმართულებით
“გადანაცვლების” საკითხი. პროგრამის საწყის ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადებში
ძირითადად სოციალური პროფილის საპროექტო წინადადებები დომინირებდა. ადგილობრივი
ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტების დიდი ნაწილი გარემოსდაცვით საკითხებს
მხოლოდ ადამიანის ყოფის გაუმჯობესების კუთხით განიხილავდა (ასეთი საპროექტო
განაცხადები მოცემული პროგრამის კომპეტენციას სცილდებოდა). ინტენსიური
კონსულტაციებისა და შეხვედრების შედეგად, პროგრამის ბოლო ეტაპზე წინა პლანზე
გადმოინაცვლა წმინდა გარემოსდაცვითმა პროექტებმა. პროგრამის ერთ-ერთ დიდ მიღწევად
შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა
ნათლად გაიაზრეს ადგილობრივი მოსახლეობის და, ზოგადად, საზოგადოების როლი
ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების
საქმეში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტები, რომლებიც ეძღვნებოდა ცხოველთა და
მცენარეთა სახეობების საარსებო ადგილების (ჰაბიტატების), გაჩეხილი ტყისა თუ
დამეწყრილი ფერდობების აღდგენას, სანერგე მეურნეობების მოწყობას, დაცული
ტერიტორიების ფუნქციონირების ხელშეწყობას, ბუნებრივი ძეგლების მდგომარეობის
შეფასებას და მათი სტატუსის აღდგენას. დაფინანსებული პროექტების ერთი ნაწილი
ითვალისწინებდა ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენებას, უნებართვო
ნაგავსაყრელების ლიკვიდაციასა და ოფიციალურად არსებული ნაგავსაყრელების
ფუნქციონირების გაუმჯობესებას; შესრულდა ეროზირებული მონაკვეთების გამოვლენა/დარუკებასა
და ეკოლოგიური პრობლემების ამსახველი მონაცემთა ბაზების შექმნაზე ორიენტირებული
პროექტებიც. გამორჩეული ყურადღება ექცეოდა საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლების
დონის ამაღლებას, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. მომზადდა არაერთი პუბლიკაცია,
გამოიცა გაზეთები და ბროშურები... საგანმანათლებლო საქმიანობა ასევე მოიცავდა
სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტებისათვის ეკობანაკების მოწყობას, ეკოაქციების
გამართვას და ა.შ.
პროგრამის ძირითად წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველოს 7
რაიონში საგრძნობლად გაიზარდა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების შესაძლებლობები.
შეიქმნა არაერთი ახალი ორგანიზაციაც, რომლებმაც პროექტების განხორციელების კარგი
გამოცდილება მიიღეს.
2007 წლიდან ფონდმა «ნაკრესმა», ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვებთან“ ერთად,
კომპანია BP-ს დაფინანსებით დაიწყო მოცემულ რაიონებში გარემოსდაცვითი გრანტების
პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპი. იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროგრამა
ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებასა და მესამე სექტორის
განვითარებას საქართველოში.
|