ENG 
 
 

სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ა.წ. 9 თებერვალს გამოცხადებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვა/შესწავლის კვლევითი მომსახურების ტენდერთან დაკავშირებით

2 მარტი, 2012 წ.

ჩვენი ცენტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დააფინანსოს ცხოველთა სახეობების ეროვნული მასშტაბის აღრიცხვები და შესწავლა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ეს ცხადია მნიშვნელოვანი ნაბიჯია აქამდე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად და იმ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც უკავშირდება სანადირო ქვოტების ყოველგვარი სამეცნიერო ინფორმაციის არარსებობის პირობებში დაწესებას.

მაგრამ, ზემოხსენებული ტენდერი, ჩვენი აზრით, არასწორადაა დაგეგმილი, რაც მის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, შემდეგი ორი ძირითადი ასპექტის გამო:

1. სხვა სახეობებთან ერთად ეს ტენდერი ეხება წითელი ნუსხის სახეობებსაც და პრაქტიკულად მოითხოვს, ამ სახეობებზეც განისაზღვროს სანადირო ქვოტები, თუკი ამას შესაძლებლად ჩათვლის ტენდერში გამარჯვებული „კონსულტანტი“.

ჩვენი აზრით, წითელი ნუსხის სახეობების აღრიცხვები და შეფასება სრულიად დამოუკიდებელ ეტაპად უნდა განიხილებოდეს. მხოლოდ ამ ეტაპის ჩატარების შემდეგ სპეციალისტების ფართო სპექტრის მონაწილეობით უნდა შეფასდეს: (ა) ჩატარებული სამუშაო და მიღებული შედეგები, (ბ) კონკრეტული სახეობის ნუსხიდან ამოღების ან მინიჭებული საფრთხის კატეგორიის შეცვლის მიზანშეწონილობა და ბოლოს (გ) ამ სახეობებზე ნადირობის დაშვების შესაძლებლობა. ხოლო სანადირო ქვოტების განსაზღვრა მოქმედებათა ლოგიკური ჯაჭვის ბოლო ეტაპი უნდა იყოს.

2. ასევე მეტად სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ზოოლოგიური კვლევის უთუოდ მისასალმებელი ინიციატივა იმგვარადაა დაგეგმილი, რომ რეალური შედეგის მიღწევა, ჩვენი აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ტენდერის მოთხოვნები და გამოყოფილი დრო ერთმანეთთან სრულ შეუსაბამობაშია და, ჩვენი აზრით, ასეთ მოკლე დროში ხარისხიანი სამეცნიერო ინფორმაციის მიღებას სრულიად გამორიცხავს:

ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობა და მოთხოვნილი ინფორმაცია:

კვლევას ექვემდებარება ცხოველთა 26 სახეობა;

აქედან 16 სახეობაზე უნდა ჩატარდეს დეტალური კვლევა და დადგინდეს:

- სახეობის სიმჭიდროვე მთელ ტერიტორიაზე;

- პოპულაციების რიცხოვნობა, მდგომარეობა და სქესთა შეფარდება თითოეულ პოპულაციაში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;

- სამიზნე სახეობების მოპოვების შესაძლებლობები ტერიტორიების მიხედვით.

ხოლო ამ ყველაფრის გასაკეთებლად მოცემული პერიოდია: 2012 წლის მარტი-ნოემბერი, ანუ 9 თვე.

ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი არ იღებს მონაწილეობას ზემოხსენებულ ტენდერში, რადგან მიგვაჩნია, რომ (1) ის წითელი ნუსხის სახეობების მხოლოდ შესწავლაზე უნდა იყოს ფოკუსირებული (და არა - ქვოტების დადგენაზე) და (2) მოცემული პირობებით შეუძლებელია ხარისხიანი კვლევების ჩატარება და სარწმუნო სამეცნიერო ინფორმაციის მიღება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix