ENG 
 
 

"ნაკრესის" პოზიცია წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვების შესახებ

19 იანვარი, 2012 წ.

ბოლო დროს განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც 2006 წელს საქართველოს „წითელი ნუსხა“ შეიქმნა, ჩვენმა სახელმწიფომ სამწუხაროდ ვერ მოახერხა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება:

  • არ იქნა უზრუნველყოფილი უკანონო ნადირობის კონტროლი;
  • არ ჩატარებულა წითელი ნუსხის სახეობების აღდგენის ქმედითი ღონისძიებები;
  • ვერ ჩამოყალიბდა წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგის სისტემა.

მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით იქნებოდა შესაძლებელი გადაშენების პირას მისული კონკრეტული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი წითელი ნუსხიდან ამოღება და ნადირობის დაშვება დადგენილი კვოტების შესაბამისად.

გარემოსდაცვით კანონდებლობაში გაუმჭვირვალედ მიღებული ასეთი ცვლილებები:

  • რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს (პირველ რიგში - ირემსა და ნიამორს);
  • აზრს უკარგავს ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ ექნებათ;
  • ეწინააღმდეგება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს არც სანადირო ტურიზმის და არც ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ამ ეტაპზე წითელი ნუსხის მაღალი კატეგორიის საფრთხის წინაშე მყოფ და უკიდურესად მცირერიცხოვან სახეობებზე (ირემსა და ნიამორზე) ნადირობის კვოტების დადგენა სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ხოლო დანარჩენ სახეობებზე განსაზღვრული კვოტები, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო, მოკლებული იქნება ყოველგვარ მეცნიერულ დასაბუთებას. ამიტომ, ასეთ ვითარებაში სანადირო კვოტების შემუშავება საქართველოს ველური ბუნების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix