ENG 
 
 

სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - "ნაკრესის" განცხადება წითელი მგლის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის თაობაზე

19 თებერვალი, 2009

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი «ნაკრესი» შეშფოთებას გამოთქვამს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანის მოსახლეობაზე მტაცებლის თავდასხმის ფაქტის გამო. აუცილებლად მიგვაჩნია ამ ფაქტის დაუყოვნებელი გამოძიება, რათა შეგროვდეს ზუსტი ინფორმაცია თავდამსხმელი მტაცებლის შესახებ და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით.

ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის თაობაზე, რომელიც საქართველოში ე.წ. წითელი მგლის შემოყვანას უკავშირდება. ეს მითოლოგიზებული ვერსია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახეობის მგლის შემოყვანისა და გამრავლების შესახებ დიდი ხნის წინ შეითხზა და პერიოდულად წამოტივტივდება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობისა და მტაცებლის კონფლიქტი მწვავდება. სინამდვილეში ის, რასაც ქართულად წითელ მგელს ვეძახით, არის აზიური გარეული ძაღლი, რომლის ბუნებრივი საცხოვრისი მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. საქართველოში ეს სახეობა არ ცხოვრობს და მას არც არასოდეს უცხოვრია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ჭორებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ხელს უშლის არსებული ვითარებიდან გამოსავლის ძიებას. დედოფლისწყაროს რაიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი რომ ვიპოვოთ, საჭიროა რეალისტურად შევხედოთ არსებულ ვითარებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი მოსახლეობის დასაცავად სათანადო ეფექტური ღონისძიებების გატარება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix