ENG 
 
 

30 აპრილი, 2007 წ. 

სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - “ნაკრესის”

პოზიცია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვასთან

დაკავშირებით

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი” ეთანხმება საქართველოში ტყის რეფორმების გატარების აუცილებლობას. ჩვენი აზრით, რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი უნდა იყოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის დასრულება და ტყის შეფასება/კატეგორიზაცია. ეს, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა, თუ საქართველოს ტყის რომელი მონაკვეთები შეიძლება დაექვემდებაროს გრძელვადიანი მოგების მომტან კომერციულ გამოყენებას.

სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პოლიტიკის (აგრეთვე, ტყეების კატეგორიზაციის) არარსებობის ფონზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის მოწყობა გაუმართლებლად და ნაადრევად მიგვაჩნია, რამაც შესაძლოა სავალალო და გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩნდება და გარკვეულ ეჭვებსაც ბადებს კითხვები:

  • რატომ დადგა ასე ნაჩქარევად დღის წესრიგში ტყითსარგებლობის აუქციონის გამართვა?
  • რატომ არ ველოდებით საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავდა, რა ტერიტორიებია ეკოლოგიურად უსაფრთხო კომერციული ჭრებისთვის და დაგვარწმუნებდა, რომ ეს ტერიტორიები არ წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემების ნაწილს?

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი” მოუწოდებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შეაჩეროს აუქციონი, სანამ არ ჩამოყალიბდება ტყითსარგებლობის ერთიანი სტრატეგია; ხოლო თუ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებამდე, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტრო მაინცდამაინც აუცილებლად მიიჩნევს ტყის გარკვეული უბნების სასწრაფოდ გადაცემას გრძელვადიანი სარგებლობისათვის, მივმართავთ წინადადებით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები და რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს შესთავაზებს რეკომენდაციებს, რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ სატყეო უბნის გადაცემა მისი კონსერვაციულ-ეკოლოგიური თუ ტურისტული მნიშვნელობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს, ასევე, ხელს შეუწყობდა რეფორმის გამჭვირვალობას, საზოგადოების ნდობის განმტკიცებას და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე (კონვენცია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის შესახებ, ორჰუსის კონვენცია).

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix