ENG 
 
 




 
 
გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამის (EIP) "სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისათვის მცირე გრანტების პროგრამა"

დონორი: BP და მისი პარტნიორები -
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიები

პროექტის განხორციელების პერიოდი:
ოქტომბერი 2004 - ნოემბერი 2006

ეს პროექტი ფონდმა "ნაკრესმა" Save the Children-თან ერთად განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის მონაკვეთზე არსებული რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას გარემოსდაცვითი კუთხით, გარემოსდაცვით საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და გარემოს დაცვისა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.

ჩვენმა ორგანიზაციამ მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ჩვენ კოორდინაცია გავუწიეთ გარემოსდაცვით კვლევებს, მოვაწყეთ ტრენინგები სამიზნე ჯგუფებისათვის და დახმარებას ვუწევდით მათ პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების პერიოდში, ვატარებდით კონსულტაციებს გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში.    

პროგრამამ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 7 რაიონი მოიცვა: გარდაბანი, მარნეული, წალკა, თეთრიწყარო, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი. პროგრამის საწყის ეტაპზე შეფასდა გარემოსდაცვითი პრობლემები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. კვლევა სწრაფი თანამონაწილეობრივი შეფასების (PRA) პრინციპებს ეფუძნებოდა და ითვალისწინებდა ამ რაიონების შესახებ არსებული ლიტერატურის მიმოხილვას და, ზოგადად, ინფორმაციის შეგროვებას, აქ არსებული ორგანიზაციების აქტივობის დონის განსაზღვრას, შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემების გამოსავლენად.  

ჩატარებული კვლევის შედეგად, ორმოცდაათზე მეტი სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი პრობლემა გამოვლინდა, ეს პრობლემები ძირითადად ბიომრავალფეროვნების, ნიადაგისა და წყლის რესურსებს უკავშირდებოდა და შემდეგ სფეროებს მოიცავდა: დაცული ტერიტორიები, ველური სახეობები და მათი საარსებო გარემო (ნიადაგის დეგრადაციის ჩათვლით), აგრობიომრავალფეროვნება, ნადირობა და თევზაობა, ბუნებრივი რესურსების მონიტორინგი, ბიოტექნოლოგია და ბიოუსაფრთხოება, ეკოლოგიური განათლება, საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებასა და დანერგვაში.

გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასების შედეგების ამსახველი დოკუმენტი სამიზნე რაიონებს დაურიგდათ.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მცირე გრანტების პროგრამაში 4 საკონკურსო პრიორიტეტი წარმოვადგინეთ: ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი გამოყენება, ნიადაგის დეგრადაციის პრობლემატიკა, წყლის დაბინძურება, ნარჩენების მართვა.

"ნაკრესმა" და ფედერაციამ "გადავარჩინოთ ბავშვები" ჩაატარა ტრენინგები რეგიონული სათათბირო კომიტეტების წევრებისათვის, რომლებსაც პროექტების განხილვაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. დროის გარკვეული მონაკვეთი დაეთმო შუამავალ (დამხმარე) ორგანიზაციებთან მუშაობას, რომელთაც შემდგომში  სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უნდა გაეწიათ დახმარება.  

მცირე გრანტები 28 ორგანიზაციაზე გაიცა.

პროექტებზე მუშაობის დაწყებამდე "ნაკრესის" წარმომადგენლებმა რეგიონალურ ორგანიზაციებს პროექტისთვის მოსამზადებელი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარეს.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაგალითად, წალკისა და ადიგენის ორგანიზაციებმა, "ნაკრესისა" და Save the Children-ის პროექტის დახმარებით გარემოსდაცვითი პროექტები პირველად განახორციელა.      

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კახა არცივაძეს: kakha.artsivadze@nacres.org


გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამა (EIP) ხორციელდება BP-სა და მისი პარტნიორების (BTC Co და SCP Co. Ltd) ინიციატივითა და დაფინანსებით. ამ პროგრამის მთავარი მიზანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. პროგრამა იყოფა რამდენიმე თემად, რომელიც გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის დროს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვებთან" ერთად განხორციელებული ეს პროექტი სწორედ აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ თემას წარმოადგენს. წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია BP-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით. ამ დოკუმენტში მოცემული მოსაზრებები ეკუთვნის NACRES-ს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული BP-ს ან მისი პარტნიორების (BTC/SCP) ოფიციალურ შეხედულებებად

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix