"საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტი"
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის
პროექტის“ განხორციელება 2009 წელს დაიწყო და ახლაც წარმატებით მიმდინარეობს.
პროექტის სრული სახელწოდებაა: „დაცული ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობების
გაუმჯობესება და ადგილობრივი თემის ჩართვა საქართველოს უნიკალური და საერთაშორისო
მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში“. პროექტს
ერთობლივად ახორციელებს „ნაკრესი“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორა“ (FFI,
Fauna & Flora International).
პროექტის სამოქმედო არეალია ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული ტერიტორიები.
პროექტის მიზანია უნიკალური და გლობალური მნიშვნელობის მქონე სემიარიდული
ლანდშაფტების კონსერვაცია, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
პროექტი ითვალისწინებს ეფექტური მექანიზმებისა და მეთოდების შემუშავებას
ვაშლოვანისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მსხვილი
მტაცებლების კონსერვაციის სტატუსის გასაუმჯობესებლად.
პროექტი ხუთი კომპონენტისგან შედგება :
• დაცული ტერიტორიებისა და სხვა „სტეიკჰოლდერების“ დახმარება და ამ გზით
ეკოსისტემებისა და სახეობების კონსერვაციის ხელშეწყობა;
• ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის კონფლიქტის შემცირების გზების დასახვა და
პრაქტიკაში დანერგვა;
• ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
სახეობებისა და ეკოსისტემების კონსერვაციის ხელშეწყობის მიზნით;
• მოსახლეობის შეხედულებებისა და წარმოდგენების გაუმჯობესება
ბიომრავალფეროვნების, მტაცებლებისა და კონსერვაციის საკითხების შესახებ ადგილობრივ
და ეროვნულ დონეზე.
• მიღებული გამოცდილებით ადგილობრივ პრაქტიკისა და სახელმწიფო პოლიტიკის
გაუმჯობესება.
თითოეული კომპონენტის ფარგლებში ბევრი ქმედება უკვე წარმატებით განხორციელდა:
• 2009 წლის 3-4 ივნისს დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიების დირექციის
ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმართა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექციის
საჭიროებათა შეფასების სამუშაო შეხვედრა. ანალოგიური შეხვედრა თუშეთის დაცული
ტერიტორიებისთვის ჩატარდა 2010 წლის 27-28 იანვარს სოფელ ალვანში. ამ შეხვედრების
მიზანი იყო დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უნარ-ჩვევებისა და რესურსების
რეალური საჭიროებების დადგენა. შეხვედრების საფუძველზე მომზადდა ანგარიში, რომელიც
დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეგზავნა.
• 2009 წლის 4-12 ნოემბერს FFI-ის ექსპერტმა ჰელენ ანთემმა ჩაატარა
მცირემასშტაბიანი სოციო-ეკონომიკური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის
საარსებო წყაროების შესახებ ზოგადი მონაცემების შეგროვებას, რაც პროექტის
მენეჯმენტის გუნდს გაუადვილებდა თემის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი ქმედებების განხორციელებას. მომზადდა კვლევის
ანგარიში, რომელშიც აისახა კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.
• მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომლის მიზანია ადამიანსა და ველურ ბუნებას
შორის კონფლიქტის შემცირება, ჩატარდა კონფლიქტის საფუძვლების კვლევა. კვლევაში
ჩართულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები: რობინ რიგი და კლაუდიო სილერო და
კვლევის ადგილობრივი ასისტენტი ალეკო ბაღდაძე.
2010 წლის მარტში ჩატარდა ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და 2-კილომეტრიან სასაზღვრო
ზოლში მდებარე 69 მესაქონლეობის ფერმის გამოკითხვა.
მეორე ეტაპზე გამოვიკვლიეთ მოსახლეობის მოსაზრებები და დამოკიდებულება
მტაცებლების მიმართ. კვლევა 2010 წლის მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა. ამის
შემდეგ ჩატარდა შევსებული კითხვარების ანალიზი (784 კითხვარი) და შეჯამდა კვლევის
შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.
მომზადდა სახელმძღვანელო ადამიანსა და მსხვილ მტაცებლებს შორის კონფლიქტის
შესუსტების მეთოდების შესახებ.
• მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში
წამოვიწყეთ დიდი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავდა სატელევიზიო და
რადიორეკლამების დამზადებასა და ეთერში გაშვებას, გარერეკლამას, საგაზეთო
სტატიებისა თუ ტელე- და რადიოგადაცემების მომზადებას და ა.შ. ჩვენი საინფორმაციო
კამპანია დღესაც გრძელდება.
• 2010 წლის მაისში ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების
ადმინისტრაციებისთვის ჩატარდა თემთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამუშაო
შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა კონსულტანტი პიტერ სეკომი. ივლისსა და აგვისტოში
პიტერ სეკომი ორსავე დაცულ ტერიტორიას ეწვია და ადგილზე ჩაატარა ტრენინგები თემთან
ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის საკითხებზე.
პიტერ სეკომმა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავა ვაშლოვანისა და
თუშეთის თემთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სამწლიანი სტრატეგია და სამოქმედო
გეგმა.
• კანონაღსრულების პრობლემის მოგვარება ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული
ტერიტორიებისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ საკითხის შესასწავლად და
კანონის აღსრულების ეფექტური გეგმის მოსამზადებლად „საქართველოს მტაცებლების
კონსერვაციის პროექტმა“ დაიქირავა უცხოელი კონსულტანტი ტიმ ვუდი, რომელმაც, სამუშაო
შეხვედრის შედეგებისა და თეორიული მასალის დამუშავების საფუძველზე, შეიმუშავა
ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების კანონის ეფექტური აღსრულებისა და
ბრაკონიერობასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
• ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის ჩატარდა
ტრენინგები შემდეგ საკითხებში:
Ø კომუნიკაცია და თემთან ურთიერთობა;
Ø ბრაკონიერობასთან ბრძოლა და კანონის აღსრულება.
2011 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ ნახევარში თუშეთისა და ვაშლოვანის
დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ითვალისწინებს
შემდეგ საკითხებს:
- პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგების ჩატარებას
- ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმის შესაძლებლობების შეფასებას ვაშლოვანის
ეროვნულ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების
ხელშეწყობის მიზნით
- ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების საფუძვლების კვლევისა და
მონიტორინგისთვის საჭირო ლიტერატურის მიმოხილვას.
|