ENG 
 
 
 
 

ლეოპარდის კვლევა საქართველოში

უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ლეოპარდი კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლებოდა. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე მოკლეს. მას შემდეგ საქართველოში ლეოპარდის არსებობის ფაქტი აღარ დადასტურებულა. ისმოდა მხოლოდ ლეგენდები დიდი კატისებრი ცხოველის შესახებ, რომელიც თვალით არავის ენახა, სანამ სულ ცოტა ხნის წინ „ნაკრესმა“ ლეოპარდის კვალს არ მიაგნო. 2003 წელს ლეოპარდი ჩვენი ფოტოხაფანგის ფირზეც აღიბეჭდა. ასე გახდა ჩვენთვის ცნობილი ვაშლოვანელი ნოეს არსებობა.

2003 წლიდან დღემდე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ძუძუმწოვრების და, მათ შორის ლეოპარდის, კვლევა. ამ კვლევას ჩვენი ორგანიზაცია უდგას სათავეში.

2009 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის (WWF) და სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - „ნაკრესის“ (NACRES) ერთობლივი ძალისხმევით ლეოპარდის კვლევა დაიწყო თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. კვლევის პროცესში ჩაერთო დაცული ტერიტორიების სააგენტო და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ლეოპარდის კვლევის ძირითად მიზანს მოცემულ ტერიტორიაზე ამ სახეობის არსებობის დადასტურება - მისი ფოტოს გადაღება, წარმოადგენდა. ამ ორი წლის განმავლობაში (2009-2010 წწ.) კვლევები ივნისის თვეში იწყებოდა და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდებოდა. პერიოდი შეზღუდული გვქონდა, ვინაიდან დროის სხვა მონაკვეთში, მკაცრი კლიმატის გამო, საავტომობილო გზები იკეტება და ამ ტერიტორიაზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ფოტოხაფანგებით მონიტორინგისთვის ვიყენებდით ფირისა და ციფრულ ფოტოხაფანგებს, საველე სამუშაოები ჩავატარეთ პრაქტიკულად ყველა ხეობაში, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციითა და ჩვენი გამოთვლებით, შესაძლოა ლეოპარდი ბინადრობდეს, ვაგროვებდით ყველანაირ ინფორმაციას, მათ შორის ვკრებდით ცნობებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ლეოპარდის ნახვისა და შინაურ პირუტყვზე თავდასხმის ფაქტების შესახებ...

პროექტის ფარგლებში დიდძალი ფოტომასალა მოვაგროვეთ. 2009-2010 წლებში თუშეთის დაცულ ტერიტორიის ხეობებსა და უღელტეხილებზე დამონტაჟებულმა ხაფანგებმა 400-მდე ფოტო გადაიღო: ნიამორი, ჯიხვი, შველი, დათვი, მგელი, ფოცხვერი და სხვა. თუმცა არც ერთ მათგანზე ლეოპარდი არ იყო აღბეჭდილი.

სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენ მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი კვლევისა და ფოტოხაფანგებით მონიტორინგის შედეგად თუშეთში ლეოპარდის არსებობის დამადასტურებელი ფაქტი ჯერჯერობით არ არის მოძიებული.


 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix