ENG 
 
 


 
 

ჯიხვის სახეობების კონსერვაცია საქართველოში

საქართველოში ორი სახეობის ჯიხვი ბინადრობს: აღმოსავლეთკავკასიური (Capra cylindricornis) და დასავლეთკავკასიური (Capra caucasica). ჯიხვები მხოლოდ დიდ კავკასიონზე გვხვდებიან, ისინი მსოფლიოში სხვაგან არსად არ ბინადრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიხვები კავკასიის ენდემები არიან. ჯიხვის ორივე სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) და საქართველოს წითელ ნუსხებში: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი როგორც მოწყვლადი, ხოლო დასავლეთკავკასიური კი - საფრთხეში მყოფი სახეობა.

პროექტი: "ჯიხვის სახეობების კონსერვაცია საქართველოში” განხორციელდა 2005-6 წლებში ფონდის" თანამშრომლობა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის” და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავდა საფრთხეში მყოფი ჯიხვის სახეობების შენარჩუნების ხელშეწყობას ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის (ჯიხვის კონსერვაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის) შემუშავების გზით.

პროექტი 2005 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ამავე წელს ჩატარდა ექსედიცია ლაგოდეხში, ხოლო 2006 წელს საველე სამუშაოები - ყაზბეგსა და სვანეთში. როგორც საველე, ისე ლიტერატურული მასალის საფუძველზე გაკეთდა საქართველოში ჯიხვის ორივე სახეობის პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ თუ ბრაკონიერობის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში ჯიხვი საქართველოში შესაძლოა 50 წელიწადში სრულებით გადაშენდეს.

ექსპედიციებისა და ლიტერატურული მიმოხილვის შედეგად მოპოვებული მასალის საფუძველზე შემუშავდა და გამოიცა დოკუმენტი: "საქართველოში ჯიხვის მდგომარეობის შეფასება და კონსერვაციის მოქმედებათა გეგმა". მანამდე კი დოკუმენტი განხილული იქნა სემინარებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სემინარების დროს გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შემუშავების დროს. "საქართველოში ჯიხვის მდგომარეობის შეფასება და კონსერვაციის მოქმედებათა გეგმა" გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი ჯიხვის შენარჩუნებისთვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix