ENG 
 
 




 
 
მურა დათვის კონსერვაცია საქართველოში

დონორი: ფონდი Alertis (ჰოლანდია)

პროექტის განხორციელების პერიოდი:
 2003-2006

ამ პროექტით "ნაკრესმა" საქართველოში პირველად გამოიყენა მსხვილი ძუძუმწოვრების რადიოტელემეტრიული კვლევის მეთოდი. დღესდღეობით ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რადიოსაყელოშებმული ერთი მურა დათვი ბინადრობს, ის დაახლოებით 100 კვ. კმ-ზე მოძრაობს,  მამრია, ასე სამი-ოთხი წლისა.

პროექტში მონაწილეებს ახლა უკვე შეუძლიათ თქვან, რომ რადიოტელემეტრიული კვლევის მეთოდი წარმატებით აეწყო. დათვის დაჭერა, მერე მისი დაძინება და საყელოს შებმა - ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პროცესები არ გართულებულა. დათვი ახლაც კარგად გრძნობს თავს.

საქართველოში მურა დათვის კონსერვაციის პროექტზე "ნაკრესი" უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, მოსამზადებელ ეტაპს განსაკუთრებით დიდი დრო დასჭირდა, რადგან ეს ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული: ახსნა-განმარტებები რადიოტელემეტრიული მეთოდიკის უსაფრთხოების შესახებ, აპარატურის ჩამოტანა, დამონტაჟება...

რადიოტელემეტრიული კვლევის დაწყებამდე ერთი წლის განმავლობაში "ნაკრესი" ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფოტოხაფანგებით მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში უზარმაზარი მასალა დაგროვდა, ახლა ამ მასალას ვამუშავებთ. მონაცემთა ანალიზის შემდეგ ფოტოხაფანგებით კვლევას რადიოტელემეტრიული მეთოდის პარალელურად გავაგრძელებთ.

რადიოტელემეტრიული კვლევა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, მაშინ როცა პირველი დათვი დავიჭირეთ. ამ დათვს დიდხანს ველოდით, რა სატყუარა აღარ ვცადეთ: კოპტონი, ვაშლი, ნესვი, თევზი... თავიდან დათვი ძალიან ფრთხილობდა, მერე ცოტა გათამამდა, თუმცა ჭკვიანი აღმოჩნდა, ხაფანგებს ანგრევდა და საჭმელსაც მშვიდად მიირთმევდა. "ნაკრესს" ლამის იმედიც კი გადაეწურა: "დიდხანს გრძელდებოდა ასე. კინაღამ ხელიც ჩავიქნიეთ. მაგრამ ბოლოს ასეთი ხერხი ვცადეთ. იმ ხაფანგის გვერდით, რომლის არსებობაც ჩვენმა დათვმა უკვე იცოდა, მეორე, ახალი ხაფანგი ჩავდგით. ამ ხერხმა გაჭრა. დათვი ხაფანგში გაება. ეს ჩვენი ტრიუმფი იყო." როცა პროექტის კოორდინატორი ბეჟან ლორთქიფანიძე ხაფანგის სანახავად მივიდა, იქაურობა სულ მინგრეულ-მონგრეული დახვდა, დათვს სიმწრისგან ღვიის ბუჩქიც კი შემოეჭამა.

მერე? - მერე, როგორც უკვე გითხარით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. და ეს ჩვენი დათვიც ბედს არ უჩივის. როცა დათვი ქედის ქიმზეა, რადიოსიგნალი 10 კმ-ზე ვრცელდება, ვიწრო ხეობებში სიგნალის დადგენა, რასაკვირველია, უფრო ჭირს.

"ნაკრესის" საველე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. უფრო ხანგრძლივი საველე გასვლებიც იგეგმება. სრულყოფილი კვლევისათვის კიდევ ორ დათვს უნდა შევაბათ რადიოსაყელო. ამჟამად პროექტის ფარგლებში "ნაკრესი" ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მართავს ტრენინგებს პარკის მცველებისათვის. ეროვნული პარკის თანამშრომლები ახლა უკვე არათუ ეჭვით, არამედ დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს "ნაკრესის" პროექტის მიმდინარეობას. ისინი თვითონაც დაინტერესდნენ ამ პროექტით და "ნაკრესს" რეკომენდაციებიც სთხოვეს.

რადიოტელემეტრიული მეთოდის საშუალებით დათვის პოპულაციის კვლევის დაწყებამ გვიჩვენა, რომ აქამდე ამ დაცულ ტერიტორიაზე მურა დათვის გადაადგილების შესახებ ჩვენი წარმოდგენა არასრული იყო.

"ნაკრესის" მონიტორინგი გრძელდება.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს, ბეჟან ლორთქიფანიძეს: bejan.lortkipanidze@nacres.org

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix