ENG 
 
 
 
 

შემოსავლების გაზრდის ადგილობრივი მექანიზმების განვითარება თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე

2010 წლის მაისში „ნაკრესმა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. ეს პროექტი, რომლის სახელწოდებაა: „შემოსავლების გაზრდის ადგილობრივი მექანიზმების განვითარება თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე“, „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაზრდის“ ქვეკომპონენტს წარმოადგენს.

პროექტის მიზანია თუშეთის დაცული ტერიტორიების სივრცული რეორგანიზაცია (რეკლასიფიკაცია), გაძლიერება, ეფექტური და მოქნილი მართვის სისტემის დანერგვა-განვითარება და მენეჯმენტის გეგმის შემუშავება.

ამ მიზნის მისაღწევად „ნაკრესის“ სამუშაო ჯგუფმა პირველ რიგში საფუძვლიანად შეისწავლა თუშეთის დაცული ტერიტორიების არსებული მდგომარეობა, დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები და შეხედულებები დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პრობლემები და ის საფრთხეები, რაც ემუქრება ამ ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას. ჩატარებული კვლევის საფუძველზე განისაზღვრა თუშეთის დაცული ტერიტორიების როლი და ფუნქცია საქართველოს დაცული ტერიტორიების მთლიან სისტემაში. მოცემული ეტაპისთვის წარმატებითაა განხორციელებული შემდეგი ქმედებები:

Ø 2010 წლის ივლისში ჩვენმა კონსულტანტმა ირაკლი საკანდელიძემ ჩაატარა თუშეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა, რომელშიც ნათლად აისახა თუშეთის დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა. კვლევამ მოგვცა ინფორმაცია მოსახლეობის შემოსავლების, თუშეთის დაცულ ტერიტორიებთან ურთიერთობისა და ამ ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ ღონისძიებათა ნუსხაც, რომელთა გატარებაც აუცილებლად მიაჩნია მოსახლეობას არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის.

Ø თუშეთში „ნაკრესმა“ არაერთი სამუშაო შეხვედრა და ექსპედიცია ჩაატარა. ამ შეხვედრებისა და ექსპედიციების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად გაერთიანდა თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა; მათი ერთობლივი მუშაობითა და თანამშრომლობით კი ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი.

Ø ჩვენი ამერიკელი კონსულტანტის, პროფესორ ოლაფ მალვერის მიერ შემუშავებულ იქნა „ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის ქვეგეგმა“, რომელიც მოიცავს თუშეთის დაცული ტერიტორიების ხელთ არსებული ყველა პოტენციური შემოსავლის ამოქმედებისა და გენერირების შესაძლებლობებს. ეს გეგმა მოწონებულ იქნა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ტურიზმის კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ზემოთ ჩამოთვლილმა სტეიკჰოლდერებმა სწორად გაიაზრეს საკუთარი როლი ამ გეგმის განხორციელების პროცესში და მართებულად შეაფასეს მოცემული გეგმის ამოცანები და ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების მნიშვნელობა.

Ø 2010 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით „ნაკრესის“ სპეციალისტები მონაწილეობდნენ ექსპედიციებში თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. ეს ექსპედიციები, რომელთა მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების შესწავლა-შეფასება, მოიცავდა ძუძუმწოვართა მონიტორინგს ფოტოხაფანგების მეშვეობით, ამ ტერიტორიის ფრინველების შესწავლასა და სამომავლოდ ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული ტურების მნიშვნელობის შეფასებას და სხვა აქამდე უცნობი ინფორმაციის მოძიებას თუშეთის ბიომრავალფეროვნების შესახებ.

Ø ჩატარდა თუშეთში მომუშავე მცირე მეწარმეთა და მათთან საქმიანად დაკავშირებულ მაცხოვრებელთა აღწერა. მეწარმეებისა და მოსახლეობის თანამშრომლობისა და მათი საქმიანი ურთიერთობის ხელშეწყობისა და განმტკიცების მიზნით მოეწყო სპეციალური სამუშაო შეხვედრები.

Ø „ნაკრესის“ კონსულტანტმა ნინო სააკაშვილმა „თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციას“ (ასოციაციის მთავარ ამოცანას წამოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესისა და თანადგომის გაზრდა და მოსახლეობისა და ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა თუშეთის ბიომრავალფეროვნების მოვლისა და კონსერვაციის საქმეში) ორგანიზაციული განვითარებისათვის აუცილებელი ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ჩაუტარა. ამ ტრენინგებისა და შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა „თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ სამწლიანი სტრატეგია და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.


 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix