ტყვე დათვების მდგომარეობის შეფასება საქართველოში
დათვების, უმეტესად ბელების, უკანონო დატყვევება საქართველოში ბრაკონიერობის
ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ფორმად იქცა. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს სახეობას,
რომელიც ეროვნულ წითელ ნუსხაში გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი
კატეგორიითაა შეტანილი. ამასთან, ბუნებაში მოპოვებული დათვების კერძო მფლობელობაში
შენახვა უკანონო ქმედებას წარმოადგენს. პროექტი “ტყვე დათვების შეფასება
საქართველოში” მიმდინარეობს ჰოლანდიურ ფონდ “ალერტისის” ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყვეობაში მყოფი დათვების
აღწერა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან
ერთად, სამოქმედო გეგმის შემუშავება პრობლემის გადასაჭრელად. აღირიცხა 30-მდე
ინდივიდი. თითოეული დათვის შესახებ შეგროვდა დაწვრილებითი ინფორმაცია, რომელიც
განთავსდა სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზაში.
საქართველოში მურა დათვების უკანონოდ დატყვევების და ტყვეობაში შენახვის
პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დადგა. დღეს "დატუსაღებული"
დათვების ნახვა ყველაზე ხშირად გზისპირა რესტორნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზეა
შესაძლებელი. უკანონო მფლობელთა ძირითადი მოტივაცია კლიენტების მოზიდვაა. თუმცა
ასევე არის დათვების სახლში ყოლის შემთხვევებიც. უკანონოდ დატყვევებული დათვების
დიდ ნაწილს, ძალზე მძიმე პირობებში უწევს არსებობა. რამდენიმე იღბლიან გამონაკლისს
თუ არ ჩავთვლით, ტყვე დათვები მცირე ზომის გალიებში არიან გამომწყვდეულნი, სადაც
ელემენტარული სანიტარული ნორმებიც კი არ არის დაცული; ცხოველებს არ გააჩნიათ
აუცილებელი საარსებო სივრცე, საჩრდილობელი, სათანადო მოვლა და საკვები, ზოგჯერ
სასმელი წყალიც კი (მათი საკვები ხშირად მწირი და ერთფეროვანია და უმეტესწილად
რესტორნის ნარჩენებისა და პურისგან შედგება); ხმაური და ხალხმრავლობა უარყოფითად
მოქმედებს დათვების ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე; სტაციონარულ მდგომარეობაში მყოფი
ტყვე დათვების გარდა, არალეგალურად მოპოვებულ დათვის ბელებს კლიენტების მოსაზიდად
ქუჩის ფოტოგრაფებიც იყენებენ (მაგ., შავის ზღვის სანაპიროსა და ბაკურიანში).
ყოველივე ამის გამო, ტყვეობაში მყოფი დათვების დიდ ნაწილში შეინიშნება ძლიერი
სტრესისა და ნევროზის ნიშნები (დაწითლებული თვალები, მოუსვენრობა, მონოტონური
მოძრაობა და ა.შ.); ზოგიერთი მათგანი კი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლიც ხდება.
როგორც წესი, დათვების პატრონებმა არ იციან დათვების, როგორც ველური მტაცებლების,
მოვლის წესები. არც უსაფრთხოების ზომებს იცავენ, რითიც საფრთხეს უქმნიან როგორც
საკუთარ თავს, ისე - სხვა მოქალაქეებს. შექმნილი ვითარება სრულიად მიუღებელია
ჰუმანური საზოგადოებისთვის და ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ტყვე დათვების პრობლემაზე 1995 წლიდან მუშაობს.
თუმცა, სუსტი სახელმწიფო მექანიზმისა და საერთო უკონტროლობის ფონზე, მთავრობის
მხრიდან არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული. დღეისათვის პრობლემის
მოგვარებით ძლიერ დაინტერესებულია გარემოს დაცვის ინსპექცია და გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური.
საზოგადოებისა და მთავრობის ერთობლივი ძალებით, ვფიქრობთ, შესაძლებელი გახდება ამ
პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება.
|