ENG 
 
 


 
 

ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დანერგვა: ეკოსისტემებისა და სახეობების კონსერვაცია: მურა დათვი (I ფაზა)

პროექტი დაიწყო 2004 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიების (BTC/SCP) ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს მურა დათვისა და მისი ჰაბიტატის კონსერვაციის ხელშეწყობას თრიალეთის ქედსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. პროექტის I ფაზა 2006 წლის ზაფხულში დასრულდა; ამავე წლის ბოლოსთვის კი მომზადდა საპროექტო წინადადება ამ ინიციატივის II ფაზისათვის, რომელიც დასამტკიცებლად გადაეცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებს.

პირველი ფაზა ითვალისწინებდა საბაზისო ინფორმაციის მოძიებასა და შეჯერებას, რათა შემუშავებულიყო სამოქმედო გეგმა დათვის კონსერვაციისთვის თრიალეთის ქედსა და ბორჯომ-ხარგაულის ეროვნულ პარკში.

პროექტის პირველ ფაზაში, ნაკრესის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები, კერძოდ, დათვის მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები: დოქტორები ჯურო ჰუბერი ხორვატიიდან და იონ სვენსონი შვედეთიდან. საველე კვლევებში ჩართული იყვნენ სახეობათა კონსერვაციის ცენტრის მოხალისეები, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა დიდძალი საველე მასალის შეგროვება.

2004-2005 წლებში განხორციელებული კვლევების საფუძველზე შეიქმნა დათვის პოპულაციის მდგომარეობის ანგარიში, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: საკვლევი რეგიონის მოკლე აღწერა და სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული მახასიათებლები რაიონების მიხედვით; მურა დათვის ჰაბიტატი და მისი მდგომარეობა: ტყის ჰაბიტატების კლასიფიკაცია, ტყის ჰაბიტატების მდგომარეობა (ვარჯის შეკრულობა, დათვის სილუეტის დაფარულობა, ანუ ჰაბიტატის ვარგისიანობა დათვის თავშესაფრად, ტყის ჭრის დონე); დათვის პოპულაციის მდგომარეობა (განისაზღვრა პოპულაციის სიმჭიდროვის ინდექსები და შესწავლილ იქნა პოპულაციის სივრცული განაწილება, საქართველოში პირველად დადგინდა პოპულაციის მინიმალური რიცხოვნობა ექსკრემენტების გენეტიკური ანალიზის გზით); ხე-ტყის გამოყენება საკვლევ ტერიტორიაზე რაიონების მიხედვით (ოფიციალური მონაცემები ხე-ტყის გამოყენების შესახებ, ტყის მოპოვების დინამიკა ბოლო ათი წლის განმავლობაში, ხე-ტყის საწვავად გამოყენება, ხე-ტყის უკანონო ჭრის მიზეზები); მოსახლეობის დამოკიდებულება დათვის მიმართ; დათვის პოპულაციაზე მოქმედი უარყოფითი ფაქტორები (ბრაკონიერობა, ადამიანის მიღწევადობის გაზრდა დათვის ჰაბიტატში, ტყის ჩეხვა, კონფლიქტი ადამიანსა და დათვს შორის, საზოგადოების არაინფორმირებულობა და დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება).

2006 წლის თებერვალში, პროექტის უცხოელი კონსულტანტების და პრაქტიკულად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მოეწყო სემინარი, რომელზეც განვიხილეთ დათვის პოპულაციის მდგომარეობის ანგარიშის წინასწარი ვერსია და ავაგეთ დათვის პოპულაციის კონსერვაციის მოქმედებათა გეგმის ზოგადი სტრუქტურა თრიალეთის ქედისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის. დაინტერესებულ მხარეთა კომენტარების შეჯერების შედეგად, ჩამოყალიბდა დათვის პოპულაციის მდგომარეობის ანგარიშის საბოლოო ვერსია. მოგვიანებით, დათვის პოპულაციის მდგომარეობის ანგარიშსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა თრიალეთის ქედისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დათვის პოპულაციის კონსერვაციის მოქმედებათა გეგმა. იგი განსახილველად დაეგზავნა ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას. მათი გამოხმაურებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, შეიქმნა დოკუმენტის საბოლოო ვერსია, რომელიც წარდგენილ იქნა 2006 წლის ივლისში გამართულ პროექტის მე-2 სემინარზე.

დათვის პოპულაციის კონსერვაციის მოქმედებათა გეგმა თრიალეთის ქედისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის დაეფძნა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თანამონაწილეობრივ პრინციპს. მისი დანერგვის ყოველ ეტაპზე აუცილებელია სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, ასევე, მთელი საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. ამასთან, ზოგადი მიდგომა ითვალისწინებს ისეთი საკითხების მოგვარებას, რომლებიც დათვისა და ადამიანის თანაარსებობის საშუალებას იძლევა - რათა ჩვენს ტყეებში დათვის არსებობა ადამიანებისთვის არა მარტო მისაღები, არამედ სასურველი ფაქტიც გახდეს და მოსახლეობა თავად იყოს დაინტერესებული ამ სახეობის შენარჩუნებით.

კერძოდ, სამოქმედო გეგმა შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • დათვის ჰაბიტატის კონსერვაცია;
  • დათვზე არალეგალური ნადირობის აღმოფხვრა;
  • ადგილობრივ ფერმერებსა და დათვს შორის კონფლიქტის შემცირება;
  • ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ზრდის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარების გზით;
  • მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და დაინტერესებული ჯგუფების ჩართვა დათვის მენეჯმენტის პროცესში;
  • დათვის პოპულაციის შემდგომი კვლევა და მონიტორინგი;
  • "ტყვე" დათვების პრობლემის მოგვარება.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია დათვის პოპულაციის მდგომარეობის ანგარიშთან ერთად გამოვეცით და დავურიგეთ დოკუმენტის მზადების პროცესში ჩართულ, ან უბრალოდ დაინტერესებულ პირებსა თუ ორგანიზაციებს.

მურა დათვის კონსერვაციის მოქმედებათა გეგმა საჯარო დოკუმენტია. იგი მოწონებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ. მისი ცალკეული ქმედებების სავარაუდო შემსრულებლები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix