ENG 
 
 


 
 
ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმის დანერგვა

 საქართველოში ეკოსისტემებისა და სახეობების კონსერვაცია: მურა დათვი (ფაზა I)

დონორი: BP და მისი პარტნიორები -
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიები 

პროექტის განხორციელების პერიოდი:
 
ივნისი 2004-მაისი 2006

ამ კომპლექსური პროექტის პირველი ფაზა, რომელიც თრიალეთის ქედსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დათვის პოპულაციის კონსერვაციას ითვალისწინებდა, უკვე დასრულდა.

ამ პროექტში "ნაკრესი" რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა: დათვის პოპულაციის კონსერვაცია, მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლება, პროექტის ადგილობრივი მხარდამჭერი ჯგუფების ჩამოყალიბება და მომზადება დათვის კონსერვაციის გეგმის განხორციელების პროცესში ჩასართავად. 

პროექტის პირველი ფაზა, რომელიც არსებული სიტუაციის შესწავლას ითვალისწინებდა, მასშტაბურ კვლევით სამუშაოებს დაეთმო. ამ ტერიტორიაზე შესწავლილ იქნა დათვის პოპულაცია და მისი საარსებო გარემო (ჰაბიტატი), უმთავრესად - ტყე.    

მოხდა ტყის შემადგენლობისა და არსებული მდგომარეობის აღწერა, დათვის სიმჭიდროვის, გადაადგილების, პოპულაციის სივრცული გადანაწილების შესწავლა. შეგროვილი მონაცემებისა და სატელიტური რუკების გამოყენებით "ნაკრესმა" შეადგინა ამ ტერიტორიების ჰაბიტატების გავრცელების რუკა.

დათვის პოპულაციის რაოდენობის დასადგენად "ნაკრესმა" საქართველოში პირველად გამოიყენა დათვის ექსკრემენტების გენეტიკური ანალიზის მეთოდი. გარკვეულ ხანს "ნაკრესის" წარმომადგენელი აშშ-ში, აიდაჰოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, მუშაობდა და კვლევისთვის საჭირო ანალიზებს ატარებდა.

ჩატარებული კვლევის შედეგად, "ნაკრესმა" უკვე იცის დაახლოებით რამდენი მურა დათვი ბინადრობს ბორჯომ-ხარაგაულსა და ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, "ნაკრესმა" შექმნა მონაცემთა ბაზა გეოგრაფიულ-ინფორმაციულ სისტემაში.

თრიალეთის ქედისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის

ბიომრავალფეროვნების კვლევის პარალელურად, პროექტის ფარგლებში ჩატარდა სოციალურ-ეკონომიკური და სოციოლოგიური გამოკვლევა.  კვლევის შედეგად დიდძალი მასალა მოგროვდა. ეს ყველაფერი საანგარიშო ნარკვევშია ასახული. აქ წარმოდგენილია ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის გადანაწილების, დემოგრაფიული მდგომარეობის, ტყის რესურსების მოხმარების, ნადირობის, ბრაკონიერობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. კითხვარების მეშვეობით გამოვლინდა ისიც, თუ როგორ განიხილავს ამ ტერიტორიის მოსახლეობა გარემოსდაცვით პრობლემებს.

პროექტის ფარგლებში "ნაკრესმა" მოამზადა კომპლექსური ანგარიში სახეობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მასალების ინტერპრეტაციისა და ანალიზის შედეგებს და რომლის საფუძველზეც შემუშავდა დათვის პოპულაციის კონსერვაციის სამოქმედო გეგმა მოცემულ ტერიტორიაზე.

ორივე დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საჯარო განხილვის შედეგად შემუშავდა. ამ დოკუმენტების განხილვისა და ჩამოყალიბების პროცესში 30-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. განხილვაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო, სამთავრობო, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. კომენტართა ერთი ნაწილი საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია.

საველე სამუშაოებსა და მოცემული დოკუმენტების საბოლოო ვერსიების შემუშავების დროს "ნაკრესის" წევრებთან ერთად ორი საერთაშორისო კონსულტანტი მუშაობდა: ჯურო ჰუბერი ხორვატიიდან და იონ სვენსონი ნორვეგიიდან.

ამასთან, აღნიშნული პროექტი ამ ტერიტორიის მოსახლეობის გარემოსდაცვითი განათლებისა და შემეცნების დონის ამაღლებას და ამ საკითხებით მოსახლეობის დაინტერესებასაც გულისხმობდა.

"ნაკრესმა" დიდი საინფორმაციო და შემეცნებით-საგანმანათლებლო მუშაობა ჩაატარა: სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია დათვის სახეობის ეკოლოგიის დაცვისა და კონსერვაციის აუცილებლობის შესახებ, დაიბეჭდა ბროშურები, პლაკატები, კალენდრები... გამოქვეყნდა საგაზეთო სტატიები. 7 სკოლაში ჩამოყალიბდა ეკოკლუბი, მოეწყო ნახატებისა და ფოტოგამოფენები, გაიმართა ეკოაქციები, სისტემატურად მიმდინარეობდა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

პროექტმა ხელი შეუწყო თეთრიწყაროს რაიონში გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის ამაღლებას, ნიშანდობლივია, რომ ეს ტერიტორია, განსაკუთრებით ალგეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია, მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საქმეში.    

"ნაკრესმა" ჩაატარა წინასწარი კვლევა და შეხვედრები გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და პერსპექტიული პარტნიორი ორგანიზაციების გამოსავლენად ბორჯომის, გორისა და თეთრიწყაროს რაიონებში, რის შედეგადაც გამოვლინდა რეგიონალური მხარდამჭერი ჯგუფები: ასოციაცია "ბორჯომი", სათემო ორგანიზაცია "წყაროსთვალი", კავშირი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია". ამ ჯგუფებს საოფისე და კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ. ახლა ეს ორგანიზაციები უკვე დამოუკიდებლად ახორციელებენ გარემოსდაცვით პროექტებს.

დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ირაკლი შავგულიძეს: irakli.shavgulidze@nacres.org და კახა არცივაძეს: kakha.artsivadze@nacres.org


გარემოსდაცვითი ინვესტირების პროგრამა (EIP) ხორციელდება BP-სა და მისი პარტნიორების (BTC Co და SCP Co. Ltd) ინიციატივითა და დაფინანსებით. ამ პროგრამის მთავარი მიზანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. პროგრამა იყოფა რამდენიმე თემად, რომელიც გამოიკვეთა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის დროს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. პროექტი "ეკოსისტემებისა და სახეობების კონსერვაცია საქართველოში: მურა დათვი (ფაზა I)" სწორედ აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ თემას წარმოადგენს. წინამდებარე დოკუმენტი შექმნილია BP-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით. ამ დოკუმენტში მოცემული მოსაზრებები ეკუთვნის NACRES-ს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული BP-ს ან მისი პარტნიორების (BTC/SCP) ოფიციალურ შეხედულებებად

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix