|
დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა მომზადება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის
საკითხებში
დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობისა და მათი შესაძლებლობების ზრდის
ხელშეწყობა «ნაკრესის» ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ჩვენ მიერ განხორციელებული
კონსერვაციული პროექტების დიდი ნაწილი უშუალოდ არის დაკავშირებული დაცული
ტერიტორიების მუშაობის გაუმჯობესებისა და მათ ტერიტორიაზე არსებული
ბიომრავალფეროვნების უკეთ დაცვის საკითხებთან. დაცული ტერიტორიების გაძლიერების
ერთ-ერთი გზა ადმინისტრაციის თანამშრომელთა უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის
განვითარებაა. «ნაკრესმა» გაიმარჯვა მდგრადი განვითარების პროექტების
განმახორციელებელი სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სახელწოდებით: -
“ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და აღკვეთილის,
თუშეთის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის, ბაწარა-ბაბანეურისა და ილტოს აღკვეთილის და
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თანამშრომელთა მომზადება ველური ბუნების
აღრიცხვისა და მიღებული მასალის ანალიზისათვის”, - და 2006 წლის მაისში
სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი მოცემული დაკვეთის შესასრულებლად.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა 2006 წლის განმავლობაში, მდგრადი განვითარების
პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დაკვეთით, ვაშლოვანის, ლაგოდეხის, თუშეთის
და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს ჩაუტარა საველე ტრენინგები
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისთვის მონაცემთა შეგროვების საკითხებში. 2007
წლისთვის დაგეგმილია დაცული ტერიტორიებისთვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის
სახელმძღვანელოსა და საველე ცნობარის მომზადება და გამოცემა, აგრეთვე, სემინარის
ჩატარება სხვადასხვა დაცული ტერიტორიების სპეციალისტებისა და დაცული ტერიტორიების
დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის დაგეგმვისა და
განხორციელების თეორიულ საკითხებში.
საველე ტრენინგების დაგეგმვისას გავითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: (1)
მოცემული დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა დიდ ნაწილს ბიომრავალფეროვნების
მონიტორინგის სფეროში არცთუ დიდი გამოცდილება და კვალიფიკაცია ჰქონდა - ზოგ
შემთხვევაში პერსონალის მეტი წილი სამსახურში ახალი აყვანილი იყო, (2) ტრენინგზე
მცველთა დასწრება უნდა მომხდარიყო დაცული ტერიტორიის ნორმალური ფუნქციონირების
შეფერხების გარეშე, (3) ჯგუფები არ უნდა გადაგვეტვირთა, რათა მასალისა და
პრაქტიკული გამოცდილების უკეთესად გადაცემისა და ჯგუფის წევრებთან ინდივიდუალური
მუშაობის საშუალება გვქონოდა.
ზემოხსენებული ასპექტების გათვალისწინებით, საველე ტრენინგები თითოეული დაცული
ტერიტორიისთვის შემდეგი სქემის მიხედვით ჩატარდა:
- დაცული ტერიტორიის დირექციასთან ერთად თანამშრომლები დავყავით ჯგუფებად და
შევადგინეთ საველე ტრენინგის დეტალური გეგმა;
- მიმდინარეობდა თანამშრომელთა დასწრების დეტალური აღრიცხვა, რაც უზრუნველყოფდა
თითოეული თანამშრომლის მიერ ტრენინგის უკლებლივ ყველა კომპონენტის გავლას (ამ გზით
ჩამოყალიბდა დასწრების მოქნილი სისტემა – თუ მონაწილე რომელიმე თემას გამოტოვებდა,
მას შესაძლებლობა ჰქონდა, ტრენინგის გამოტოვებულ ნაწილს სხვა ჯგუფთან ერთად
დასწრებოდა);
- ტრენინგის ყოველი დღე (შესაბამისად, ყოველი ახალი კომპონენტი) იწყებოდა
თეორიული ასპექტების მიმოხილვით და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდიოდით პრაქტიკულ
მეცადინეობაზე;
- საკითხის სრულყოფილად ათვისების მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობა იმდენ ხანს
გრძელდებოდა, რამდენიც საჭირო იყო, – არსებული შესაძლებლობებისა და მონაწილეთა
მოტივაციის შესაბამისად; ყოველ მომდევნო დღეს გარკვეული პერიოდი ეთმობოდა წინა დღით
განვლილი მასალის მიმოხილვას, ზოგჯერ - მთელი მეცადინეობის გამეორებასაც კი.
საველე ტრენინგები საველე მონაცემთა აღების შემდეგ მეთოდებს/ასპექტებს მოიცავდა:
- ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის არსისა და საჭიროების მოკლე მიმოხილვა;
- ველზე მონაცემთა აღების ზოგადი ასპექტები;
- მსხვილ ძუძუმწოვართა შესახებ მონაცემთა აღება, კერძოდ:
ვიზუალური დაკვირვებები;
კვალისა და სხვა ნიშნების იდენტიფიკაცია და აღრიცხვა;
ფოტოხაფანგების დამონტაჟება.
- მცენარეთა სახეობების შესახებ მონაცემთა აღება (რამდენადაც სეზონი ამის
საშუალებას იძლეოდა);
- პერსონალური ნავიგატორის (GPS) გამოყენება;
- რუკაზე მუშაობა;
- საველე სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც წამოიჭრა ტრენინგის
მსვლელობის დროს, ან რომლებზეც თანამშრომლებისა და დირექციის მხრიდან იყო მოთხოვნა
(გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც სცილდებოდა საველე ტრენინგის სფეროს და თეორიული
ტრენინგის ამოცანად მოიაზრებოდა).
დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ GPS-ისა და
ფოტოხაფანგების გამოყენების გამოცდილება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო ვაშლოვანის
ეროვნული პარკი – იგი ორგანიზაციულად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დაცული
ტერიტორიაა საქართველოში. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში უკვე დიდი ხანია ინტენსიურად
მიმდინარეობს ფლორისა და ფაუნის კვლევაც. მაგ., ჩვენი ცენტრი, პარკის
ადმინისტრაციასა და რეინჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე წელია აწარმოებს
მსხვილ ძუძუმწოვართა კვლევას რადიოტელემეტრიის მეთოდისა და ფოტოხაფანგების
გამოყენებით. ასე რომ, საველე ტრენინგის არაერთი საკითხი ამ პარკის
თანამშრომელთათვის ნაცნობი იყო.
აღსანიშნავია, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, ტრენინგის მონაწილეებმა ოთხივე
დაცულ ტერიტორიაზე შესაშური დაინტერესება და ენთუზიაზმი გამოიჩინეს. ახალი მასალის/ტექნოლოგიებისა
და ხელსაწყოების ათვისების არაერთგვაროვანი უნარის მიუხედავად, მონაწილეთა დიდმა
ნაწილმა GPS-ის ხელსაწყო აუცილებელ სამომხმარებლო დონეზე აითვისა; კერძოდ, ისინი
დაეუფლნენ GPS-ის გამოყენების ისეთ ძირითად ასპექტებს, როგორიცაა: წერტილის
კოორდინატების აღება და რუკაზე დატანა; წერტილის დანიშვნა და ხელსაწყოში ჩაწერა;
მანამდე აღებული წერტილის გამოძახება და მისი მიმართულებით ნავიგაცია; წერტილის
აღება რუკიდან, მისი შეყვანა ხელსაწყოში და მისკენ ნავიგაცია. განსაკუთრებული
ენთუზიაზმით მოეკიდნენ რეინჯერები «განძის პოვნის თამაშს» პერსონალური ნავიგატორის
გამოყენებით. ტრენერები მალავდნენ «განძს» (რომლის ფუნქციასაც ძირითადად ლუდი და
სიგარეტი ასრულებდა) და მისი ადგილმდებარეობის გეოგრაფიულ კოორდინატებს ინიშნავდნენ.
ამის შემდეგ თითოეულ მონაწილეს ურიგდებოდა ფურცელზე ამოწერილი კოორდინატები. მათ
ევალებოდათ კოორდინატების ნავიგატორში შეტანა და ხელსაწყოს დახმარებით «განძის»
პოვნა. დაკისრებული ამოცანა უკლებლივ ყველა მონაწილემ წარმატებით შეასრულა და,
შეასაბამისად, «განძიც» ჩაიგდო ხელში.
|