ENG 
 
 

სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - "ნაკრესის"
განცხადება
ტყვე დათვების პრობლემის თაობაზე

ბევრი თქვენგანისთვის კარგად ცნობილია, რომ სახეობათა კონსერვაციის ცენტრის - "ნაკრესის" საქმიანობა მისი დაარსების დღიდან კონსერვაციული (ბუნებისდაცვითი) ქმედებებითა და სამეცნიერო კვლევებით შემოიფარგლება. მაგრამ ბოლო ათიოდე წლის განმავლობაში "ნაკრესმა" თავის ძირითად საქმიანობას (კონსერვაციას) ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის, ტყვეობაში მყოფი დათვების პრობლემაზე მუშაობაც შეუთავსა.

2007 წელს "ნაკრესმა" დაასრულა ორი მნიშვნელოვანი პროექტი: "ტყვე დათვების შეფასება საქართველოში" და "ტყვე დათვების გადარჩენის ინიციატივა". პირველი პროექტის ფარგლებში მოხდა უკანონო ტყვეობაში მყოფი დათვების აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით და, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შემუშავებულ იქნა სამოქმედო გეგმა არსებული პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. მივესალმებით ყველას, ვინც გამოთქვამს სურვილს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ამ გეგმის ცალკეული კომპონენტები.

მეორე პროექტის ფარგლებში "ნაკრესმა" მოახერხა ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე მყოფი რუსთავის ზოოკუთხის სამი დათვის გადარჩენა და მათი გადაყვანა და განთავსება ჰოლანდიაში, ქ. რენენში მდებარე დათვების თავშესაფარში.

ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან ტყვე დათვების პრობლემაზე მუშაობის შეთავსება გაპირობებული იყო იმ უბრალო მიზეზით, რომ მოცემულ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებდა. პრობლემა კი ვერ მოიცდიდა. ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით შექმნილი უკიდურესად მძიმე ფონი დაუყოვნებელ ქმედებას ითხოვდა. ამგვარად, არსებული ვითარებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია ერთგვარი სოციალური დაკვეთის შემსრულებელი გახდა.

მიუხედავად განხორციელებული პროექტების წარმატებისა, გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, ჩვენი მთავრი ფუნქცია კვლავაც ბუნების კონსერვაციაა. თუმცა, აქვე დავძენთ იმასაც, რომ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში "ნაკრესი" ყოველთვის მზადაა თავის თავზე აიღოს დამატებითი ვალდებულებები, ისევე როგორც ეს მოხდა ტყვე დათვების პრობლემასთან დაკავშირებით.

გვინდა გაცნობოთ, რომ მოცემულ ეტაპზე ვწყვეტთ ჩვენს საქმიანობას ტყვე დათვების პრობლემის კუთხით და წარმატებას ვუსურვებთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც თავის თავზე აიღეს პრობლემის მოგვარება. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია დათვების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული ორგანიზაცია IBF-Georgia.  ამ ორგანიზაციასთან პროფესიულ ნიადაგზე აზრთა სხვადასხვაობის და მსოფლმხედველობრივი განსხვავებების მიუხედავად, გულწრფელად მივესალმებით მის მიერ წამოწყებულ საქმეს და მოუთმენლად ველით დათვების თავშესაფრის მოწყობას (ეს ქმედება ჩვენ მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია). როგორც ამ ორგანიზაციის მესვეურნი დაგვპირდნენ, ეს თავშესაფარი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა გაეხსნათ, მაგრამ გახსნა გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარი ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება და პირველ მობინადრეებსაც შეიფარებს.

ასევე, გვინდა გავაქარწყლოთ გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, თითქოსდა ჩვენი ორგანიზაცია IBF-Georgia-ს მიერ დათვების თავშესაფრის შექმნის წინააღმდეგია. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ: "ნაკრესს" მიაჩნია და ყოველთვის მიაჩნდა, რომ დათვების თავშესაფრის შექმნა პრობლემის მოგვარების აუცილებელი პირობაა. ამავე დროს, ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს საქმე ჩვენ კი არა, უშუალოდ ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციას უნდა გაეკეთებინა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის რთულ საქმეს შეჭიდებულ ნებისმიერ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო წრეებიდან, სრულად აქვს გაცნობიერებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ამ წამოწყებისთვის არის საჭირო და არც საერთაშორისო გამოცდილებას აუვლის გვერდს. ასევე დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმის ორგანიზატორები გაითვალისწინებენ და თავიდან აირიდებენ თავშესაფრის გადატვირთვისა და განვითარების გარკვეულ ეტაპზე დაფინანსების შეწყვეტის პრობლემებს, რისი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს.   

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix