მურა დათვის კონსერვაცია საქართველოში
ჰოლანდიური ფონდის - Alertis-ის ფინანსური მხარდაჭერით გრძელდება პროექტი «მურა
დათვის კონსერვაცია საქართველოში». პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დათვის ეკოლოგიის შესწავლა. გათვალისიწინებულია ისეთი
თანამედროვე მეთოდების გამოყენება, როგორიცაა რადიოტელემეტრია და მსხვილი
ძუძუმწოვრების მონიტორინგი ფოტოხაფანგების საშუალებით. პროექტის შედეგად
შემუშავდება რეკომენდაციები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის
გასაუმჯობესებლად.
საქართველოში მურა დათვის რადიოტელემეტრიული შესწავლა დაიწყო
რადიოტელემეტრიული კვლევისთვის საჭიროა ცხოველის უვნებლად დაჭერა,
რადიოგადამცემის შებმა და ბუნებაში გაშვება. სამწუხაროდ, გასულ წელს დათვის დაჭერის
ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. თუმცა, დიდი გამოცდილება მივიღეთ დათვის
ხაფანგების დაგებასა და სატყუარას შერჩევაში.
2006 წლის გაზაფხულზე ერთთვიანი უწყვეტი ექსპედიცია წარმატებით დასრულდა. 15
აპრილს პირველი დათვი დავიჭირეთ და რადიოსაყელო შევაბით. ასე დაიწყო საქართველოში
დათვის რადიოტელემეტრიული კვლევა.
ხაფანგში გაბმულ დათვს სპეციალური პნევმატური თოფით დასაძინებელი წამალი
ვესროლეთ და რამდენიმე წუთში ცხოველს ღრმა ძილით დაეძინა. საგანგებო საველე «პროტოკოლით»
გათვალისწინებული ყველა პროცედურა შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავატარეთ, შესაძლო
გართულებებისა და რისკის თავიდან ასაცილებლად. ხაფანგში გაბმული დათვი ხვადი
აღმოჩნდა. სხეულის ზომისა და კბილების მიხედვით, - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე
ზრდასული (დაახლოებით 4 წლის) ინდივიდი იყო. ბოლოს შევამოწმეთ რადიოსაყელოდან
სიგნალის მიღების ფუნქცია და დათვს «გასაღვიძებელი» წამალი გავუკეთეთ. ამის შემდეგ
ცხოველს შორი მანძილიდან ვაკვირდებოდით. დათვმა ჯერ თავი ასწია, შემდეგ წამოდგა,
ბარბაცით მივიდა უახლოეს წყლის გუბემდე, წყურვილი მოიკლა და იქვე ახლოს, გრილ
ადგილას ჩაწვა. რამდენიმე საათის შემდეგ დათვი უკვე ნორმალური ნაბიჯით, ხეობის
სათავისკენ გაემართა. იმავე საღამოს სპეციალური ანტენისა და რადიომიმღების
საშუალებით მივიღეთ პირველი რადიოსიგნალი.
დათვის გადაადგილების შესახებ მასალის მოგროვება საკმაოდ შრომატევადი საქმე
აღმოჩნდა, რადგან ვაშლოვანის ვიწრო და ღრმა ხეობები ზოგჯერ აფერხებდა, ასუსტებდა,
ან მიმართულებას უცვლიდა რადიოსიგნალს. ასეთი რელიეფის პირობებში, სადაც სიგნალის
დაფიქსირება საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, დათვის სიგნალის დაჭერა ჩვენთვის
სრულიად ახალი გამოცდილება იყო ("ნაკრესის" წევრებს სხვადასხვა დროს ჰქონდათ
გავლილი მსხვილ ძუძუმწოვართა რადიოტელემეტრიული მონიტორინგის სტაჟირება, ოღონდ
შედარებით სწორი რელიეფის პირობებში, შვედეთსა და კენიაში).
მიუხედავად სიძნელეებისა, რადიოტელემეტრიული მეთოდის მეშვეობით დათვის
გადაადგილების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევაგროვეთ და ჩვენთვის ბევრი
საინტერესო რამ გახდა ცნობილი: მაგალითად, გამოვავლინეთ ტერიტორიები, სადაც
დანიშნული დათვი დღის განმავლობაში ისვენებდა (ე.წ. დღის საწოლები). ასევე,
დავაფიქსირეთ ინტენსიური კვების ადგილები, რომლებიც იცვლებოდა სეზონის მიხედვით.
დღე-ღამური აქტივობის შესასწავლად ზაფხულში ჩვენს დათვს 24 საათის განმავლობაში
ვაკვირდებოდით. შედეგადა დავადგინეთ ცხოველის აქტივობის პერიოდები დღე-ღამის
განმავლობაში და მოვხაზეთ მისი გადაადგილების მარშრუტები. არსებული მასალის
შეჯამების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ეს ახალგაზრდა მამრი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე
მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ იგი ხშირად დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც
გადიოდა და ყანებში იკვებებოდა. რადიოტელემეტრული მეთოდით დაფიქსირებული
ადგილმდებარეობის უკიდურესი წერტილები ერთმანეთისგან 16 კილომეტრითაა დაშორებული.
ჩვენი ვარაუდით, ამ რეგიონში დათვი კიდევ უფრო დიდ მანძილებზეც გადაადგილდება.
ზაფხულში სხვა ინდივიდის დაჭერაც ვცადეთ, მაგრამ - უშედეგოდ. ველზე ყოფნის მეათე
დღეს მოულოდნელად დაბრკოლება შეგვექმნა - მესაზღვრეებმა არ მოგვცეს ეროვნული პარკის
ზოგიერთ მნიშვნელოვან უბანზე გადაადგილების საშუალება, ამის გამო ცხოველის დაჭერა
შეუძლებელი გახდა. მესაზღვრეების მტკიცებით, სასაზღვრო ზონაში კვლევითი სამუშაოების
ჩატარებისთვის სპეციალური ნებართვა გვესაჭიროებოდა. იძულებული გავხდით, ნებართვის
ასაღებად თბილისში დავბრუნებულიყავით და დათვის დაჭერა სხვა დროისთვის გადაგვედო.
აგვისტოს შემდეგ დანიშნული დათვის რადიოსიგნალი აღარ მიგვიღია. არაერთი საველე
გასვლა დავუთმეთ «დანიშნული» ინდივიდის მოძიებას. მთელი დაცული ტერიტორია და მისი
შემოგარენი შევამოწმეთ, მაგრამ - ამაოდ. ცოტა მოგვიანებით ადგილობრივი
მოსახლეობისგან შევიტყეთ, რომ სექტემბერში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის მახლობლად,
მზესუმზირის ყანაში, ბრაკონიერებმა მოკლეს დათვი, რომელსაც საყელური ჰქონდა შებმული.
სიგნალის გაქრობის დრო და დათვის მოკვლის სავარაუდო პერიოდი საეჭვოდ ემთხვეოდა
ერთმანეთს. რადიოსაყელოიანი დათვის მოკვლის შესახებ ეჭვი უფრო გაღრმავდა, როდესაც
ჩვენთვის ნადირობის ადგილი გახდა ცნობილი: მზესუმზირის ყანა დაცული ტერიტორიის
სიახლოვეს მდებარეობდა და ბოლო სიგნალი სწორედ აქედან გვქონდა მიღებული.
ამ სამწუხარო ინციდენტის მიუხედავად, დათვის რადიოტელემეტრიული კვლევა არ
დასრულებულა. პირველი ინდივიდის დაჭერის დროს და შემდგომ – მონიტორინგის პროცესში
ბევრი სირთულე გადავლახეთ და დიდი გამოცდილება შევიძინეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მურა დათვის რადიოტელემეტრიული კვლევა წარმატებით დაინერგა, რაც ამ მიმართულებით
შემდგომი კვლევის გაღრმავებაში დაგვეხმარება.
მურა დათვის რადიოტელემეტრიული შესწავლა გრძელდება.
|