ENG 
 
 
 
 

მურა დათვის კონსერვაცია საქართველოში

2009 წელს დასრულდა ჩვენი პროექტი „მურა დათვის კონსერვაცია საქართველოში“, რომელიც ჰოლანდიური ფონდის - Alertis-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა (შეგახსენებთ, რომ 2007 წელს სწორედ Alertis-ის დახმარებით გადავარჩინეთ ევთანაზიას სამი ტყვე დათვი და ჰოლანდიის დათვების თავშესაფარში გავგზავნეთ). პროექტი მიზნად ისახავდა ვაშლოვანის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში დათვის ეკოლოგიის შესწავლასა და მსხვილი მტაცებლების (დათვი, ლეოპარდი, ფოცხვერი, მგელი) მონიტორინგს. კვლევა რადიოტელემეტრიული მეთოდისა და ფოტოხაფანგების მეშვეობით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ დათვის კვლევა ტელემეტრიული მეთოდის გამოყენებით საქართველოში სწორედ „ნაკრესმა“ დაიწყო 2005 წელს და დღესაც წარმატებით გრძელდება. მოცემული პროექტის ფარგლებში ორი ინდივიდი დავიჭირეთ (ძუ და ხვადი) და რადიოსაყელო შევაბით. ამ ორ ინდივიდს წელიწადნახევრის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ინფორმაციას ვაგროვებდით მათი გადაადგილების შესახებ. ამ დაკვირვების პროცესში ცნობილი გახდა, რომ დათვები დროის დიდ ნაწილს ეგრეთ წოდებულ არეულებში (რთული რელიეფის მქონე ადგილები) ატარებენ. ისინი დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთაც გადიან და ახლომახლო ყანებში ეძებენ საკვებს. დავინახეთ ისიც, რომ დათვების ინდივიდუალური ტერიტორია მინიმუმ 40-50 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. თუმცა, ეს მინიმუმია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დათვების მიერ გამოყენებული ტერიტორიის ფართობი კიდევ უფრო დიდია და ამას მომავალი კვლევები დაადასტურებს.

სრულყოფილი ინფორმაციის მოგროვებას ასეთმა სამწუხარო ფაქტმაც შეუშალა ხელი: ხვადი ბრაკონიერების მსხვერპლი გახდა, ძუ დათვი კი საყელოს ვერ შეეგუა და ცოტა ხნის შემდეგ მოიძრო კიდეც...

ტელემეტრიული კვლევის პარალელურად, Alertis-ის პროექტის ფარგლებში, 2009 წელსაც მიმდინარეობდა მსხვილი მტაცებლების მონიტორინგი ფოტოხაფანგების მეშვეობით. ეს მონიტორინგი უკვე ხუთი წელია გრძელდება. მონიტორინგის წყალობით „ნაკრესის“ ბაზას დიდძალი საინტერესო ინფორმაცია შეემატა მსხვილ ძუძუმწოვართა აქტივობისა და რიცხოვნობის შესახებ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. ჩვენს ხელთაა მონაცემები მსხვილი ძუძუმწოვრების სეზონური აქტივობის, დღეღამური გადაადგილების და სხვ. შესახებ.

ფოტოხაფანგებით მოგროვილი მასალის საფუძველზე, პირველად დავითვალეთ ფოცხვრის მინიმალური რიცხოვნობა საკვლევ რეგიონში (10 ინდივიდამდე). ხუთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ მიერ აღმოჩენილი ერთადერთი ლეოპარდის მოძრაობასა და აქტივობას. უკვე ყველასათვის ცნობილი ლეოპარდი, სახელად „ნოე“, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თითქმის მთელ ფართობზე გადაადგილდება და დიდი ხანია „ნაკრესის“ ფოტოხაფანგის „ყურადღების ცენტრშია“.

პროექტის შედეგები მოწმობს, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბრაკონიერობის საფრხისგან დაცვის მიზნით, აუცილებელია რეინჯერების პატრულირების სისტემის ჩამოყალიბება, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად შეამცირებდა ბრაკონიერობის ფაქტებს ამ ტერიტორიაზე.


 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 2 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 2 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix