ENG 
 
 


 
 

მოკლედ ჩვენს შესახებ


სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "ნაკრესი" უკვე 20 წელია მუშაობს კონსერვაციის სფეროში და არაერთი დიდი თუ მცირე სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტი განუხორციელებია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პროექტების განხორციელებაში ფინანსურად ჩვენს ორგანიზაციას სხვადასხვა კერძო ფონდები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ეხმარებიან. "ნაკრესი" წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.

ჩვენი ორგანიზაცია, სახეობების შესწავლის კუთხით, ძირითადად ორიენტირებულია იშვიათ და გადაშების საფრთხის წინაშე მყოფი მსხვილი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების  შესწავლასა და დაცვაზე. ორგანიზაციას სხვადასხვა წლებში უმუშავია ჩლიქოსნებისა და მტაცებლების (ჯიხვი, არჩვი, ნიამორი, ირემი და ქურციკი, მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, ლეოპარდი და წავი) ქცევის, ეკოლოგიისა და მათი შენარჩუნების ასპექტებზე; მტაცებელ, ძირითადად მძორისმჭამელ ფრინველებზე, აგრეთვე, წყალმცურავეებსა (მიგრაციის დროს მათი აღრიცხვები) და ბეღურასნაირებზე (მათი ინვენტარიზაცია). ჩვენი შესწავლის ობექტია,  საქართველოს პრაქტიკულად ყველა ეკოსისტემა: არიდული და სემიარდული ეკოსისტემა (დედოფლისწყაროს რაიონი და გარეჯი), მცირე კავკასიონის მთის ეკოსისტემები (ბორჯომის ხეობა), დიდი კავკასიონის მაღალი მთის ეკოსისტემები (ლაგოდეხის რაიონი, რაჭა-ლეჩხუმი), მაღალი მთის ტბების ეკოსისტემები (ჯავახეთის ზეგანი) და დაბლობის ჭაობები (კოლხეთი). ზემოხსენებული პროექტების განხორციელების შედეგად ჩვენ მიერ მომზადებულ იქნა, როგორც სხვადასხვა ეკოსისტემის, ისე კონკრეტული სახეობების მენეჯმენტის გეგმები, რომლებიც შემდგომში მთავრობის მიერ იქნა აღიარებული. მრავალი მათგანი ამჟამად დანერგვის პროცესშია.

სახეობათა კოსნერვაციის ცენტრი წლების განმავლობაში თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ბიზნეს სექტორებთან. ჩვენი მხარდაჭერითა და ინიციატივით მოხერხდა სხვადასხვა საერთაშორისო გარემოსდაცვით კონვენციებთან ქვეყნის მიერთება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ვეხმარებით  ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების შემუშავებაში.

ჩვენი ორგანიზაციის სახელს უკავშირდება 1996 წელს საქართველოში მტაცებლებზე პრემიალური სისტემის გაუქმება, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მთავრობასთან, ვცდილობთ ჩვენს პროექტებში ჩავრთოთ ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული ჯგუფები. ხელს ვუწყობთ სოციო-ეკონომიკური, ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას რეგიონებში.

სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებას.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია: აბაშიძის ქ. #12, საფოსტო ყუთი 20, 0179, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995-32) 23 37 06, ფაქსი: (+995-32) 53 71 24
ელ. ფოსტა: public.relations@nacres.org
Copyright © NACRES. All rights reserved.
All photos were taken by members of NACRES staff

Created by WebMix