საქართველოში პირველად საძოვრების მართვის გეგმები მუშავდება

XX საუკუნეში საბჭოთა ეკონომიკის პირობებში საქართველოში საძოვრებმა დეგრადაცია განიცადეს მათი არაადეკვატური გამოყენების გამო. ბოლო დრომდე სათანადოდ არ რეგულირდებოდა საძოვრების მართვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ისეთი დიდი და ამავე დროს ტრადიციული საძოვრები, როგორებიცაა ვაშლოვანი (საზამთრო) და ლაგოდეხი (საზაფხულო), დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს.

ეკოსისტემების დაცვის, სამეურნეო ტრადიციების შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით 2015 წელს დავიწყეთ საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით. შევარჩიეთ კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული ვაშლოვნისა და ლაგოდეხის საძოვრები. გეგმების მომზადების პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ახმეტის მუნიციპალიტეტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვაშლოვნის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაცია და თავად მეცხვარე ფერმერები. შესაბამისად, მართვის გეგმებში, შეძლებისდაგვარად, ავსახეთ ყველა მონაწილე მხარის ინტერესები.

მართვის გეგმების მიზანია საძოვრების შემდგომი დეგრადაციის აღკვეთა, დაზიანებული არეალების გაჯანსაღება და ამავე დროს ტრადიციული მეცხვარეობის შენარჩუნება. მართვის გეგმებით განისაზღვრა დამოუკიდებელი მართვის საბჭოების დაარსების აუცილებლობა. ვაშლოვანსა და ლაგოდეხში ძოვება დარეგულირდება საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო მოახდენს არსებული საძოვრების დემარკაციასა და აღრიცხვას. საძოვრების თითოეული მონაკვეთისათვის დავადგინეთ ცხვრების დასაშვები ზღვრული ოდენობები. შევიმუშავეთ გაძოვების, ბალახის წათიბვისა და  მიწის განოყიერების მეთოდები. ასევე, განვსაზღვრეთ ძოვების დაწყებისა და შეწყვეტის ვადები.

„ნაკრესი“ კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და წელს ვიწყებთ თუშეთის საძოვრების მართვის გეგმის მომზადებას, რომ ხელი შევუწყოთ როგორც მეცხვარეთა ტრადიციული საქმიანობის, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვას.

SHARE