1992 წლის 21 მაისს ევროსაბჭომ მიიღო დირექტივა ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის კონსერვაციის შესახებ (#92/43/EEC). შემოკლებით მას „ჰაბიტატების დირექტივას“ უწოდებენ. ეს დირექტივა („ფრინველთა დირექტივასთან“ ერთად) ევროკავშირის ბუნებისდაცვითი პოლიტიკის ქვაკუთხედია. იგი მიზნად ისახავს ბიო-მრავალფეროვნების დაცვას ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური სახეობების კონსერვაციის გზით. დირექტივა მოითხოვს მნიშვნელოვანი სახეობებისა და ჰაბიტატების აღდგენას ან, თუ ისინი არ საჭიროებენ აღდგენას, მათი სახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის (კონსერვაციული სტატუსის) შენარჩუნებას. ამასთან, ჰაბიტატებისა და ველური სახეობების აღდგენა-შენარჩუნების ღონისძიებები ითვალისწინებს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, რეგიონულ და ადგილობრივ თავისებურებებს.

ამ დირექტივით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია:

  • შექმნას „ნატურა 2000 -ის“ ქსელი დირექტივაში გაწერილი დებულებებისა და ვადების შესაბამისად;
  • დაიცვას და/ან აღადგინოს დირექტივის დანართებში შესული ჰაბიტატები (დანართი I)
    და სახეობები (დანართი II);
  • შეაგროვოს და ევროკომისიას წარუდგინოს სამეცნიერო ინფორმაცია ამ სახეობებისა და ჰაბიტატების შესახებ.

„ჰაბიტატების დირექტივა“ განსაზღვრავს:

  • „ნატურა 2000-ის“ საიტების შერჩევის კრიტერიუმებს, შექმნის პროცედურებსა და მათი მართვის პრინციპებს;
  • წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის ვალდებულებებს.

დასაცავი სახეობებისა და ჰაბიტატების ნუსხასთან ერთად, „ჰაბიტატების დირექტივა“ არეგულირებს ჰაბიტატების კლასიფიკაციის საკითხსაც. ევროპის ჰაბიტატების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია წლების განმავლობაში იყო კამათისა და დისკუსიის საგანი. სხვადასხვა სამეცნიერო სკოლებს განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ. ხშირად ერთსა და იმავე ჰაბიტატს სხვადასხვა მეცნიერი სხვადასხვანაირად აღწერდა და განსხვავებულ სახელწოდებებს ანიჭებდა. უნიფიცირებული კლასიფიკაციის სისტემის არარსებობა გარკვეულ გაუგებრობებს იწვევდა და ართულებდა კონსერვაციული საქმიანობების ეფექტურ დაგეგმვას. „ჰაბიტატების დირექტივის“ მიღების დროს, არსებობდა ევროპის ჰაბიტატების კლასიფიკაციის ერთადერთი უნიფიცირებული სისტემა – ე.წ. CORINE -ის კლასიფიკაცია, რომელიც 1985-1990 წლებში CORINE Biotopes project-ის ფარგლებში შემუშავდა და წარმოადგენდა ჰაბიტატების კლასიფიკაციის იერარქიულ სისტემას ჰაბიტატების დასახელებისა და აღწერის სრულფასოვანი კოდიფიცირებული ნუსხით. თუმცა, ამ კლასიფიკაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ხარვეზები; იგი დასავლეთ ევროპის ბიოგეოგრაფიულ თავისებურებებს ეყრდნობოდა და არ მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ჰაბიტატებს; ასევე, არ მოიცავდა ჰაბიტატების ქვეტიპებს. ამ საკითხების გათვალისწინებით, დღეისათვის შემუშავებულია ევროპის ჰაბიტატების კლასიფიკაციის ახალი სისტემა – ევროპის ბუნების ინფორმაციული სისტემის (EUNIS) ჰაბიტატების კლასიფიკაცია, რომელიც მთელი ევროპის ჰაბიტატების ერთიანი და უნიფიცირებული კლასიფიკაციის სისტემას წარმოადგენს. ეს სისტემა ახალი ჰაბიტატების დამატების საშუალებასაც იძლევა (მაგალითად, საქართველოსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ჰაბიტატების დამატების საშუალებას). ასევე, შერჩეულ იქნა ინსტიტუცია, რომელსაც მიენიჭა ტაქსონომიური საკითხების რეგუ-ლირების უფლებამოსილება. ეს ფუნქცია დაეკისრა „ევროპის ბიომრავალფეროვნების ტოპიკცენტრს“ (European Topic Centre on Biological Diversity, რომელსაც ხშირად „პარიზის ტოპიკ ცენტრსაც“ უწოდებენ ).

ამჟამად „ჰაბიტატების დირექტივა“ მოიცავს 200 ჰაბიტატსა და 1000-ზე მეტ სახეობას. ჰაბიტატების ნუსხა წარმოდგენილია დირექტივის პირველ დანართში და მათი დაცვა სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ამ ჰა-ბიტატების რიცხვს მიეკუთვნება მოწყვლადი ჰაბიტატები, მაგ., ჭაობები, მდინარის შესართავები, ფლორისტულად მდიდარი მდელოები, მდიდარი ბიომრავალფეროვნების მქონე ტყეები და გამოქვაბულებიც კი. დირექტივაში მითითებული ჰაბიტატების უმეტე-სობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გადაშენების ან საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კონსერვაციისთვის. სიაში ასევე შესულია ნახევრადბუნებრივი ჰაბიტატები, რომელთა მართვა ადამიანის საქმიანობის გათვალისწინებით ხდება, მაგალითად, გარკვეული ტიპის საძოვრები.

Funded EU+COE - Implemented COE quadri

SHARE