საერთაშორისო ორგანიზაცია World Animal Protection-თან ერთად დავიწყეთ ტყვე დათვების აღრიცხვის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დავადგენთ არაკანონიერ საკუთრებაში მყოფი დათვების რაოდენობას. ტყვე დათვების პრობლემაზე მუშაობა „ნაკრესმა“ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე მონიტორინგს ვაწარმოებთ და ეს უკვე რიგით მეოთხე კვლევაა, რაც დინამიკაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 30-35 დათვია არაკანონიერ მფლობელობაში. დათვები ტყვეობაში, ძირითადად, ბრაკონიერობის გზით ხვდებიან. როგორც წესი, დატყვევებული ცხოველები ჰყავთ უმძიმეს პირობებში ძალიან მცირე ზომის გალიებში და მათთვის უვარგის საკვებს აჭმევენ. ხშირად ისინი, კლიენტების მიზიდვის მიზნით, განთავსებული ჰყავთ გზისპირა რესტორნებსა და ბენზინგასამართ სადგურებთან.

აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ასაკის შემდეგ დათვების ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ახალ გარემოს ვეღარ ეგუებიან  და ისევ ადამიანებთან ბრუნდებიან. ასევე, ვერ ხერხდება მათი ზოოპარკში გადაყვანა, რადგან ის რეკონსტრუქციის პროცესშია და დამატებითი ინდივიდების მიღების საშუალება არ აქვს. ამდენად, პრობლემის მოგვარების გზა არის ცალკე თავშესაფრის აშენება, შესაბამისი კვების და პირობების უზრუნველყოფა. ამ პრობლემების გადასაჭრელად გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ.

„ნაკრესის“ მიერ დაწყებული პროექტი ასევე მიზნად ისახავს დათვის ბელების ნაწილებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრას. ამისათვის ჩავატარებთ მოკვლევას საგაზეთო და ინტერნეტ განცხადებებში და ადგილობრივ ბაზრებზე. დავადგენთ გასაყიდი სხეულის ნაწილების წარმომავლობას და მათ საბაზრო ღირებულებას. გამოვითხოვთ ინფორმაციას საბაჟო სამსახურებიდან „წითელ ნუსხაში“ შესული სახეობების ნაწილების ჩამორთმევის ფაქტებზე. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება საქართველოში დათვის ბელების ნაწილებით უკანონო ვაჭრობის მასშტაბი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად მივიღებთ შესაბამის ზომებს.

დასასრულ უნდა აღინიშნოს, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და  „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „წითელ ნუსხაში“ შესული ცხოველების, მათ შორის, დათვის მოპოვება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით. დათვის უკანონოდ მოპოვება და მოკვლა არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. ხოლო ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 50 000 ლარს.

SHARE