უპილოტო საფრენი აპარატები, იგივე დრონები, ფართოდ გამოიყენება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში. დრონი საშუალებას გვაძლევს ავტომატურად, ადამიანური მინიმალური რისკით და დროის მოკლე მონაკვეთში, დისტანციურად შევაგროვოთ ინფორმაცია მიუვალ ადგილებსა და სიმაღლეებზე.

კვლევისა და მონიტორინგის მიზნით დრონების დანერგვა და გამოყენება საქართველოში პირველად „ნაკრესმა“ დაიწყო. 2013-2016 წლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ვაწარმოებდით მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგს. კვლევის ფარგლებში მოხდა პირველი საფრენი აპარატის აწყობა და პილოტირება.

ჩვენს მიერ აწყობილ თვითმფრინავს შეუძლია იფრინოს 40 კილომეტრამდე 20 კილომეტრის რადიუსში. აპარატი პულტით ან წინასწარ დაგეგმილი პროგრამით კონტროლდება. ჩვენს მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე აპარატს სპეციალური პროგრამის საშუალებით ვუდგენთ მარშრუტს. უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით ვიღებთ მაღალი ხარისხის ვიდეო და ფოტო მასალებს.

თუმცა, პირველმა ტესტირებამ გვიჩვენა, რომ  რთული რელიეფის მქონე ხეობებში, სადაც გვაქვს სიმაღლეების მკვეთრი ცვალებადობა, თანაბარი ხარისხის ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება. გარდა ამისა, მთიან ეკოსისტემაში დრონების გამოყენება არ აღმოჩნდა ოპტიმალური კიდევ ერთი მიზეზის გამო – ჩლიქოსნებს საფრენი აპარატის ხმა აფრთხობდათ. საფრენი აპარატის მუშაობას ასევე ხელს უშლიდა დაბალი ტემპერატურა და ძლიერი ქარები.

ამდენად, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების გათვალისწინებით, ვიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებას ღია, გაშლილ ადგილებში, სადაც გადაღება მოხდება 70-120  მეტრის სიმაღლიდან. შევარჩიეთ სამი მიმართულება და არეალი:

  • ალაზნის ჭალების ტყეების დარუკება;
  • ქურციკების მონიტორინგი ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე;
  • წყლის ფრინველების შესწავლა ჯავახეთის ზეგანზე.

დრონების საშუალებით შესაძლებელი გახდა ჰაბიტატების საზღვრების დადგენა, ასევე, ზოგადი სურათის შექმნა ინდივიდები რომელ არეალში და დღე-ღამის რომელ მონაკვეთში მოძრაობენ. გარდა, ამისა დრონების გამოყენება დაგვეხმარება ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ ტყის ხანძრები, მათ შორის, მიუვალ ადგილებშიც. მომავალში, ასევე შესაძლებელი იქნება კანონდარღვევის ფაქტებისა და მათი მასშტაბების გამოვლენა.

SHARE